ერევანში ოპოზიციის მომხრეები საზოგადოებრივ რადიოში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებდნენ და რადიოში საეთერო დროის დათმობას ითხოვდნენ. დემონსტრანტებთან ერთად იმყოფებოდა დეპუტატი ნიკოლო პაშინიანიც. პოლიცია რადიოში შეჭრილ აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დეპუტატი პაშინიანი სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს სტუდიაში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მან საეთერო სტუდიაში შესვლა მოახერხა და იქ კამერების წინ მიმართვა წაიკითხა. მიმართვაში მთავრობა და სახელმწიფო მედია მან ოპოზიციის დაბლოკვაში დაადანაშაულა.
ოპოზიციონერმა მომხრეებს დღეს დაგეგმილ მიტინგში მონაწილეობისკენ მოუწოდა. სომხეთის დედაქალაქში მიტინგი რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამჟამად ერევნის ცენტრში კარვებია გაშლილი. ოპოზიციის მომხრეების ნაწილი ღამის გათენებას კვლავ ქუჩაში აპირებს.
სომხეთის მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანონის დაცვით წარადგინეს. პრემიერ-მინისტრის არჩევა სომხეთში 17 აპრილს არის დაგეგმილი.
სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის პროცესს ასრულებს. გასულ ორშაბათს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელმაც კანონის თანახმად, მთავრობა დაითხოვა.
17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა ახალი პრემიერი უნდა აირჩიოს. ამ თანამდებობაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის არჩევაა დაგეგმილი, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს და პარლამენტის შენობის ბლოკირებით იმუქრება.