ერაყში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
ერაყში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა

ერაყში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 44,52% შეადგინა. არჩევნების პირველადი შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ხმის მიცემის პროცესს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ქვეყნის ჩრდილოეთით, სულეიმანიას დასახლებაში ქურთების პარტიებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. 4 პოლიტიკური პარტია ქურთისტანის რეგიონში, კირკუკსა და სხვა სადავო ტერიტორიებზე არჩევნების განმეორებით გამართვას მოითხოვს. კირკუკის პროვინციის გუბერნატორმა კი ეთნიკური დაპირისპირების ასარიდებლად კომენდანტის საათი გამოაცხადა და ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა.

არჩევნებში სულ 29 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას, რომელშიც 200-მდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული. საერთო ჯამში კი 329-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 7 ათასზე მეტი კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში გამარჯვებული ბლოკი მთავრობას დააკომპლექტებს, რომელიც ქვეყანას მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, ერაყში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.