ერაყს ახალი პრემიერი ჰყავს
ერაყს ახალი პრემიერი ჰყავს

ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ ალაუი დაინიშნა. მას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ერთთვიანი ვადა მისცეს. მანამდე ალაუი ერაყის კომუნიკაციების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ის ერაყის მთავრობას დროებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, უხელმძღვანელებს.

თავის გამოსვლაში ერაყის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მინისტრების პორტფელების განაწილების პროცესში ჩაერევიან. ამასთან, ალაუიმ ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ მიტინგები, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მასობრივი საპროტესტო აქციები ერაყში 2019 წლის ოქტომბრიდან არ წყდება. შარშან ნოემბერში მიტინგების ფონზე თანამდებობა დატოვა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ. ამის შემდეგ, ერაყის პოლიტიკური ძალები მთავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებოდნენ.