ერაყის ქალაქ ნასირიაში ალ-სადრის მიმდევრებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
ერაყის ქალაქ ნასირიაში ალ-სადრის მიმდევრებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ერაყის ქალაქ ნასირიაში შიიტი ღვთისმსახურის, მუქთადა ალ-სადრის მიმდევრებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებსა და მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილია სულ მცირე სამი და დაშავებულია ათობით ადამიანი.

„როიტერის“ ცნობით, პარასკევის ლოცვის შემდეგ ალ-სადრის მიმდევრებმა მსვლელობა გამართეს ქალაქ ცენტრში მდებარე ალ-ჰაბუბის მოედნის მიმართულებით, სადაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს 2019 წლის შემდეგ კარვები აქვთ გაშლილი. შიიტი ღვთისმსახურის მომხრეებმა დემონსტრანტების კარვების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რასაც არეულობა მოჰყვა.

ერაყში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით ანტისამთავრობო გამოსვლები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა. დემონსტრაციების შედეგად პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ თანამდებობა დატოვა. ახალმა პრემიერმა, მუსტაფა ალ-კადიმიმ, რომელიც მთავრობას სათავეში მაისში ჩაუდგა, პირობა დადო, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებდა, რაც აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. არჩევნები მომავალი წლის ივნისშია დაგეგმილი.

შიიტი ღვთისმსახური ალ-სადრი ერაყის პარლამენტში უმსხვილესი ბლოკის ლიდერია.