ექვსი მიზეზი, რატომ არის ვაქცინის გარეშე ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ძალიან ცუდი იდეა ამ პანდემიის შემთხვევაში — #1tvმეცნიერება
ექვსი მიზეზი, რატომ არის ვაქცინის გარეშე ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ძალიან ცუდი იდეა ამ პანდემიის შემთხვევაში — #1tvმეცნიერება

ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ კორონავირუსის პანდემია შეიძლება დაასრულოს კოლექტიურმა იმუნიტეტმა, ე. წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა — თუ ნამდვილ ჯოგურ იმუნიტეტს მივაღწევთ, კორონავირუსი ვეღარ გავრცელდება და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

თუმცა, ჯოგური იმუნიტეტი საკმაოდ რთული რამ არის. მისი მიღწევა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი — დაავადდეს ბევრი ადამიანი ან ბევრ ადამიანს მივცეთ ეფექტიანი, უსაფრთხო ვაქცინა.

მიზანი ერთი და იგივეა: თუ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ინფექციისადმი რეზისტენტული გახდება, დაავადება ჩვენს კოლექტიურ „ჯოგში“ ვეღარ გავრცელდება.

ეპიდემიოლოგებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ვაქცინის გარეშე კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა არ მუშაობს და ვიღებთ ძალიან ბევრ არასაჭირო მსხვერპლს.

მიუხედავად ამისა, ეს თემა მაინც საკმაოდ პოპულარული გახდა სოციალურ მედიაში, ტელევიზიებში; სვამენ კითხვას — რატომ არ შეიძლება ვცადოთ? თემამ კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც გასულ თვეში თეთრმა სახლმა წაახალისა ე. წ. გრეით-ბარინგტონის დეკლარაცია, ლიბერტარიანული ანალიტიკური ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანთა უმეტესობამ ჯოგური იმუნიტეტი უნდა მოსინჯოს, წავახალისოთ ინფექცია მსოფლიოს ახალგაზრდა, ჯანმრთელ მოსახლეობაში.

„60-50 წელზე ქვემოთ ადამიანებისთვის ლოკდაუნის მიერ მიყენებული მენტალური თუ ფიზიკური ზიანი COVID-19-ზე უარესია“, — განაცხადა დეკლარაციის ერთ-ერთმა ავტორმა ჯეი ბატაჩარია გასულ კვირას, სამედიცინო ჟურნალ JAMA-ს მიერ გამართულ დებატებზე.

მას ოპონირებას უწევდა ჰარვარდის ეპიდემიოლოგი მარკ ლიპსიტჩი, ერთ-ერთი იმ ათასობით წამყვანი ექსპერტიდან, რომლებმაც ამ დეკლარაციის წინააღმდეგ მოაწერეს ხელი და განმარტეს, რატომ არის ეს მიდგომა ზედმეტად სახიფათო.

„ვფიქრობ, კრეატიული გამოსავლის ძებნა კარგი იდეაა, მაგრამ არავინ არის პასუხისმგებელი უარი თქვას იმაზე, რაც ვიცით, რომ ეფექტიანია, ვგულისხმობ ვირუსის გავრცელების კონტროლს“, — აღნიშნა ლიპსიტჩმა.

მათი დებატებისას გამოიკვეთა ექვსი მიზეზი იმისა, რატომ არის ბუნებრივი ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის ვაქცინის გარეშე არაეფექტიანი.

1. არავინ ფიქრობს, რომ ყველას ინფიცირება კარგი იდეაა, მაგრამ მიზანში მხოლოდ ახალგაზრდების ამოღება თითქმის შეუძლებელია

გაგიჭირდებათ სერიოზული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის პოვნა, რომელიც ფიქრობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი ეფექტიანი იქნება.

ცოტა ხნის წინ, შვედეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის გეგმაზე (მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ცდილობდა), რადგან ვირუსმა მოხუცებულთა სახლებში ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა.

ბატაჩარია შვედეთს იმის საუკეთესო მაგალითად ასახელებდა, რომ ჯოგური იმუნიტეტი მოქმედებს.

თუმცა, როდესაც დებატების მონაწილეებმა არგუმენეტებით შეუტიეს, დაეთანხმა, რომ დაავადებისადმი რეზისტენტულობის გამომუშავების მიზნით საზოგადოებაში ვირუსის თავისუფლად მიშვება კარგი იდეა არ არის.

„როდესაც ამის საშუალება გაქვს, სოციალური დისტანცია უნდა დაიცვა, მაგრამ როდესაც ეს არ შეგიძლია, აუცილებლად უნდა გამოიყენო პირბადე. გავრცელების შემცირების ყველა ეს ზომა ნამდვილად მნიშვნელოვანია“, — აღიარა ბატაჩარიამ

თვით შვედეთიც კი არ მიჰყოლია იმას, რასაც გრეით-ბარინგტონის დეკლარაცია გვთავაზობს — მოწყვლადთა „ფოკუსირებულ დაცვას და ინფექციის მიმართვას ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანებისკენ.

2. COVID-19-ს აქვს მრავალი გრძელვადიანი გვერდითი ეფექტი, რომელიც ადამიანებსა და ჯანდაცვის სისტემებზე მრავალი წლის განმავლობაში მოახდენს გავლენას

„ფოკუსირებული დაცვის“ კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში არ ვიცით, ვის ჭირდება დაცვა.

„ახალგაზრდა მოსახლეობისთვის და ნაკლებად რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის COVID-19 უფრო ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ლოკდაუნი“, — აღნიშნა ბატაჩარიამ და დაიმოწმა, რომ ასეთი შეზღუდვები ადამიანებს აზიანებს ფსიქოლოგიურად, მენტალურად და ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

გარდა ფატალურისა, COVID-19-ს ადამიანებზე ძლიერ საზიანო გრძელვადიანი ეფექტებიც აქვს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (45,4 პროცენტი) COVID-19-ის გართულებათა რისკის ქვეშ არის, ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, რესპირატორული დაავადებებისა და ჰიპერტენზიის გამო.

3. სინამდვილეში არ ვიცით, ვისთვის არის COVID-19 სასიკვდილო და რატომ

„ფოკუსირებული დაცვის“ არგუმენტი ასევე უგულებელყოფს იმ რეალობას, რაც კორონავირუსმა გვასწავლა: ის სასიკვდილოა ყველა ასაკის, რასისა და სქესის ადამიანისთვის, მთელ პლანეტაზე.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში, ამ დრომდე აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 65 წლამდე ასაკის 45 000 ადამიანი.

ადამიანის ინფიცირებამდე შეუძლებელია იმის ცოდნა, რა რისკის ქვეშ არის ის. არის ბავშვების, სტუდენტებისა და მრავალი ისეთი კატეგორიის გარდაცვალების შემთხვევებიც, რომლებსაც არანაირი თანმდევი დაავადებები არ ჰქონდათ.

მეცნიერები ამ ვირუსს დღემდე სწავლობენ, რათა მისი მოქმედება უკეთესად გაარკვიონ, მაგრამ ერთი საერთო საფრთხე, რაც მძიმე შემთხვევებში უკვე გამოიკვეთა, არის ACE-2 რეცეპტორების რაოდენობა ადამიანში (რომელთა საშუალებითაც ვირუსი უჯრედში შედის).

4. ლოკდაუნებმა მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციასთან ბრძოლის უკიდურესი ზომაა, ლოკდაუნმა მთელ მსოფლიოში ან ყოველ კონტინენტზე ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თუმცა, მას მრავალი ცუდი შედეგიც მოჰყვა. მრავალმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, მოეშალა ბიზნესი, ვერ მივიდა ექიმთან, იგრძნო მარტოობა და მიეძალა ალკოჰოლს.

მიუხედავად ამისა, ამ ზომამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო დრო მოგვცა ვაქცინებზე და პრეპარატებზე მუშაობისთვის, პაციენტთა მკურნალობის საუკეთესო მეთოდების შერჩევისთვის.

„ექვსი თვის შემდეგ, ინფიცირების პრევენცია უკვე შეიძლება მოხდეს ვაქცინაციით ან გვქონდეს სამკურნალო საშუალებაც“, — ამბობს ლიპსიტჩი.

5. ვირუსის მოშორება შესაძლებელია, რისთვისაც სულაც არ არის საჭირო ადამიანების დახოცვა

ბატაჩარია და ჯოგური იმუნიტეტის სხვა დამცველები ხშირად ვაჭრობენ ლოკდაუნებსა და „ნორმალურ ცხოვრებას“ შორის არსებული სხვაობით, მაგრამ ავიწყდებათ მათ შორის მოქცეული, ვირუსთან ბრძოლაში გაღებული მსხვერპლი.

მხედველობაში არ იღებენ, რეალურად რამდენად ამცირებს ვირუსის გავრცელებას ისეთი ზომები, როგორებიც არის თავშეყრებისგან თავის არიდება, პირბადეების ტარება ან სოციალური დისტანცია.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს რეალური, მკაცრი ლოკდაუნი არც არასოდეს შემოუღია. როგორც დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ცოტა ხნის წინ კონგრესმენებიც წინაშე გამოსვლისას განაცხადა, აპრილში აშშ-ში რეალურად 50-პროცენტიანი ლოკდაუნი იყო.

ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არის ავსტრალია, ახალი ზელანდია და ჩინეთი, უკვე მიაღწიეს „შეუძლებელ მიზანს“, ანუ COVID-19-ის ნულოვან ან თითქმის ნულოვან მაჩვენებელს და მკაცრი ლოკდაუნების შემდეგ დიდწილად დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

ტაივანმა ეს ლოკდაუნის გარეშე შეძლო, მაგრამ მხოლოდ მკაცრი ტესტირებისა და მეთვალყურეობის ზომების, ეფექტიანი იზოლაციისა და კარანტინის, ნიღბების ფართო გამოყენების შედეგად.

6. ამ პანდემიის წინააღმდეგ ბუნებრივი ჯოგური იმუნიტეტი სავარაუდოდ არ მოქმედებს, როგორც არ უნდა ვცადოთ

აშშ-ს, ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, ჯოგური იმუნიტეტის ყველაზე დაბალი ზღვრის მიღწევამდეც კი ჯერ ბევრი აკლია, რაც მოითხოვს მოსახლეობის 50 პროცენტის ან უფრო მეტის ინფიცირებას და შედეგად მიღებულ იმუნურობას. ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში ქვეყნის მხოლოდ 10 ან 20 პროცენტია ინფიცირებული.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, ვირუსით რომ მთელი ქვეყანა დაინფიცირდეს, ჯოგური იმუნიტეტი დიდი ალბათობით მაინც არ იმოქმედებს.

ამის მიზეზი კი გახლავთ ჩვენი იმუნიტეტის მოქმედება ყველა სახის კორონავირუსის წინააღმდეგ — ჩვეულებრივი გაციებით დაწყებული, ამ ახალი კორონავირუსით დამთავრებული, რადგან მათი საწინააღმდეგო იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქრება. ამ ვირუსით ინფიცირებამდე არსებული იმუნურობა მუდმივი არ არის — კორონავირუსით ხელახლა ინფიცირება შესაძლებელია და ამის შემთხვევებიც უკვე არსებობს.

ამიტომაც, სერიოზული მეცნიერები თანხმდებიან, რომ უკეთესია ვაქცინას დაველოდოთ და ვირუსის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტი ერთდროულად შევქმნათ.

„ადამიანები ჯოგი არ არიან. ვფიქრობ, ამ ტერმინის გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ბუნებრივ ინფექციებს, რადგან ამან შეიძლება, ძალიან სერიოზული, მძიმე შედეგები მოგვიტანოს“, — განაცხადა ჯერ კიდევ მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი ჯანდაცვის მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.