ენდი მარეის კიდევ ერთი ოპერაცია და უიმბლდონის გამოტოვება ემუქრება
ენდი მარეის კიდევ ერთი ოპერაცია და უიმბლდონის გამოტოვება ემუქრება

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბრიტანელ ენდი მარეის ისევ შეექმნა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონს დაგეგმილი ჰქონდა უიმბლდონზე გამოსვლა, მაგრამ, შესაძლოა, მისი გამოტოვება მოუწიოს. გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, 32 წლის ბრიტანელს ბარძაყზე კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა დასჭირდეს.

2019 წლის იანვარში, მარეიმ ბარძაყის არეში სახსრის შეცვლის რთული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც შეძლო კორტზე დაბრუნება და ზაფხულში წყვილებში ლონდონის ტურნირიც კი მოიგო. ის ბოლოჯერ კორტზე შარშან, ნოემბერში დევისის თასზე გამოჩნდა, მაგრამ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, თუმცა, ვარჯიშები განაახლა და მარტში მაიამის „მასტერსზე“. დაბრუნებას აპირებდა.

მაგრამ ბრიტანელი ჯერ ისევ განიცდის ტკივილს საზარდულის არეში. ჩოგბურთელს, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს და თუ ასე მოხდა, მარეი აუცილებლად გამოტოვებს უიმბლდონს და, შესაძლოა, საბოლოოდ კარიერის დასრულებაზეც იფიქროს.