ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღიას წილისყრაში არ გაუმართლა - მისი მეტოქე ენდი მარეი იქნება #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღიას წილისყრაში არ გაუმართლა - მისი მეტოქე ენდი მარეი იქნება #1TVSPORT

გაიმართა 2022 წლის სეზონის „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ენდი მარეის შეხვდება. ეს ჩოგბურთელები ერთი დღის წინ, სიდნეიში ATP250 კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა სამი საათი და 16 წუთი ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში გაიმარჯვა – 6:7(4), 7:6(2), 6:3.

ბასილაშვილსა და მარეის ასევე 2021 წლის უიმბლდონის პირველ წრეში უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ და მაშინაც ბრიტანელმა მოიგო – 6:4, 6:3, 5:7, 6:3. ასე რომ, მარეი ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს ქართველ ჩოგბურთელს.

მარეისა და ბასილაშვილს შორის მოგებული მეორე წრეში ურუგვაელ პაბლო კუევასსა და კვალიფიკაციიდან გასულ რომელიმე ჩოგბურთელს შორის მოგებულს შეხვდება. პირველი განთესილი, ვინც პოტენციურად მესამე წრეში შეიძლება ბასილაშვილს დაუპირისპირდეს, ტურნირის მე-11 ნომერი, იტალიელი იანიკ სინერია. თავად ბასილაშვილი 21-ე ნომრად არის განთესილი.

ბასილაშვილს ავსტრალიის ღიაზე ექსჯერ უთამაშია და საუკეთესო შედეგი 2018 და 2019 წლებში ჰქონდა, როცა 1/16 ფინალამდე მიაღწია. შარშან ქართველმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა, როცა სამ სეტში დამარცხდა ამერიკელ ტომი პოლთან.