ბასილაშვილმა 99 შეცდომა დაუშვა და მარეისთან ხუთ სეტში დამარცხდა #1TVSPORT
ბასილაშვილმა 99 შეცდომა დაუშვა და მარეისთან ხუთ სეტში დამარცხდა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. მსოფლიოს 23-ე ჩოგანი კარიერაში მესამედ შეხვდა ბრიტანელ ენდი მარეის და მესამედ დამარცხდა. შეხვედრა ხუთსეტიანი გამოვიდა და მარეიმ 6:1, 3:6, 6:4, 6:7(5), 6:4 მოიგო.

ბასილაშვილმა შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი პარტია 21 წუთში წააგო. ქართველმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ ექვსი ქულა აიღო, მთლიანად სეტში – რვა. მარეიმ პარტიაში სამი ბრეიკი შეასრულა.

სამაგიეროდ, მეორე სეტში უკვე ბასილაშვილმა მოახერხა სამი ბრეიკის შესრულება და მართალია, ერთხელ საკუთარი მოწოდებაც წააგო, მაგრამ პარტია მაინც დამაჯერებლად მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტის დასაწყისი თანაბარი გამოვიდა, რის შემდეგაც მარეიმ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა. ბასილაშვილმა იქვე შეასრულა უკუბრეიკი, მაგრამ მომდევნო გეიმში ისევ დათმო საკუთარი მოწოდება და ბრიტანელმა უპირატესობა შეინარჩუნა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეოთხე სეტბოლზე მოიგო პარტია და კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

მეოთხე სეტში ბასილაშვილს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიიღო, როცა მეექვსე გეიმში ბრეიკი აიღო, თუმცა მომდევნო გეიმში მეტოქეს უკუბრეიკის საშუალება მისცა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები და საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მეათე გეიმში მეტოქის მოწოდებაზე სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ მარეიმ შეძლო რთული სიტუაციიდან გამოსვლა.

ტაი-ბრეიკი უკეთ ბასილაშვილმა დაიწყო, რომელმაც პირველმა შეასრულა მინი-ბრეიკი და 4:1 დაწინაურდა. მარეიმ მე-13 გეიმის ბედის შემობრუნება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ტაი-ბრეიკი 5:7 წააგო. საჭირო გახდა მეხუთე სეტის ჩატარება.

გადამწყვეტი პარტიის სტარტი ბასილაშვილმა ჩააგდო – პირველ სამ გეიმში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და ბრეიკით ჩამორჩა. მარეის გზა გაეხსნა საბოლოო გამარჯვებისკენ, მაგრამ ქართველმა მეშვიდე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა. ჩოგბურთელები ზედიზედ მეორე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდნენ, მაგრამ 4:5-ზე ბასილაშვილმა საკუთარ გეიმში მარეის სამმაგი მატჩბოლი მისცა და ბრიტანელმა მესამე ცდაზე შეძლო მომგებიანი ქულის აღება და შეხვედრის მოგება.

ბასილაშვილმა 10 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა (მარეი – 9/19), პირველი მოწოდებით ქულების 60 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 48 პროცენტი, 69 „ვინერსი“ (14 ეისი) დააგროვა და 99 უნებლიე შეცდომა (შვიდი ორმაგი) დაუშვა.