ბასილაშვილმა ენდი მარეისთან სამ სეტში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბასილაშვილმა ენდი მარეისთან სამ სეტში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის წინ ბოლო რეპეტიცია სიდნეიში ATP250 კატეგორიის ტურნირზე გაიარა. ის მეორე ნომრად იყო განთესილი და პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი უპირისპირდებოდა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ენდი მარეის.

მარეი დღეს მსოფლიოს 135-ე ჩოგანია. პროფესიულ ტურში ის ბასილაშვილს აქამდე ერთხელ შეხვედროდა – 2021 წლის უიმბლდონის პირველ წრეში ენდიმ ოთხ სეტში მოიგო: 6:4, 6:3, 5:7, 6:3. სამწუხაროდ, ქართველმა ვერ შეძლო რევამშის აღება.

პირველი სეტის პირველ ორ გეიმში ჩოგბურთელებს ორ-ორი ბრეიკპოინტი ჰქონდათ, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენეს. პირველი ბრეიკი მეოთხე გეიმში შედგა – მისი ავტორი მარეი იყო. ბრიტანელმა თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა, მაგრამ 5:3-ზე, როცა სეტზე აწვდიდა, ბასილაშვილმა შეძლო უკუბრეიკის შესრულება. თუმცა, ენდი მაინც ახლოს იყო პარტიის მოგებასთან, როცა მეათე გეიმში სეტბოლი გამოიმუშავა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა საფრთხე მოიგერია.

საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც მარეი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო შვიდი გათამაშებიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ნიკამ მე-13 გეიმში 7:4 გაიმარჯვა.

მეორე სეტში იგივე სცენარი განვითარდა. ისევ პირველი ბრეიკი მარეიმ აიღო, 5:4-ზე სეტზე აწვდიდა და ბასილაშვილმა ისევ შეასრულა უკუბრეიკი. და კვლავ საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება. ამჯერად, მარეიმ არც ერთი საკუთარი მოწოდება არ დათმო და ორი მინიბრეიკიც შეასრულა, რითაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტიც მარეის ბრეიკით დაიწყო, რასაც ბასილაშვილმა უკუბრეიკით ვეღარ უპასუხა, თუმცა ერთი შანსი ჰქონდა მეცხრე გეიმში. მარეიმ შეძლო ამ საფრთხის მოგერიება და პირველივე მატჩბოლით მოიგო შეხვედრა – 6:7(4), 7:6(2), 6:3. შეხვედრა სამი საათი და 16 წუთი გრძელდებოდა.