დიდი ბრიტანეთის ავიაშემთხვევების საგამოძიებო სამსახური ლა მანშის თავზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ლიცენზირების საკითხს გამოიძიებს.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის ქალაქ კარდიფისკენ მიმავალ პატარა ზომის თვითმფრინავში, რომელიც რადარებიდან მოულოდნელად გაუჩინარდა, კარდიფ სიტის არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალა იმყოფებოდა. სამდღიანი სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისმა სამსახურებმა ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად ამისა, შემთხვევამ ახალი კითხვები გააჩინა.
ავიაშემთხვევების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, შემოწმებულ იქნება რეისის ყველა საოპერაციო ასპექტი, მათ შორის ლიცენზირება.
„საკითხი ასე დგას: უნდა დაფრინავდეს თუ არა ერთძრავიანი თვითმფრინავი ზამთარში, ღამით, წყლის თავზე და ბორტზე მგზავრებით. ეს ნამდვილად ძალიან სახიფათო კომბინაციაა“, – აცხადებს ხსენებული სამსახურის წარმომადგენელი.
პრემიერ ლიგის ბინადარმა კარდიფ სიტიმ ემილიანო სალა ფრანგული ნანტიდან შეიძინა და მასში 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა – ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ფეხბურთელში ოდესმე გადაუხდია.
სალამ ახალ გუნდში ვერც ერთი მატჩის ჩატარება ვერ მოასწრო.