ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის გამოიყენებს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის გამოიყენებს

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის გამოიყენებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადაში წამოიწყებს კამპანიას, რათა მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებას შეუწყოს ხელი.

საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე 2022 წლის პირველ ნახევარში იქნება, აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს სხვა წევრებთან ერთად და გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოითხოვს ყოველწლიურ მოხსენებას სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანისა და მისი აღსრულების შესახებ.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, პარიზში გაიმართება კონფერენცია, სადაც შეიკრიბებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები იმ ქვეყნებიდან, სადაც სიკვდილის დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ან გაუქმებულია.

საფრანგეთის პარლამენტმა სიკვდილით დასჯა 1981 წელს, ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის პერიოდში გააუქმა.