ემანუელ მაკრონი - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ
ემანუელ მაკრონი - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ. საფრანგეთი სომხეთის მიმართ სოლიდარულია და თქვენს გვერდით დგომას განაგრძობს“, – წერს მაკრონი „ტვიტერის“ გვერდზე.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მისწრაფებაა, რეგიონში დაძაბულობა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახმარებით განიმუხტოს.

შეგახსენებთ, 12 მაისს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რაიონში. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ამ დრომდე რჩებიან სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში. მისივე თქმით, სომხეთმა ამ საკითხის მოსაგვარებლად ეუთო-ს მიმართა.