საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი კარგად დაიწყო. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილების მეტოქე ჯგუფის ფავორიტი, მასპინძელი პოლონეთი იყო და ქულა მოიპოვეს. (2:2).
ანგარიში მე-9 წუთზე საქართველომ გახსნა – პოლონელთა კარში დანიშნული პენალტი ზუკა დავითაშვილმა გამოიყენა. მასპინძლებმა ანაგრიში ხუთ წუთში მაიკ ნავროცკის გოლით გაათანაბრეს, მაგრამ 28-ე წუთზე დავითაშვილმა საქართველო ისევ დააწინაურა და ამჯერადაც – პენალტით.
მე-16 წუთზე, მთავარ არბიტრს მესამე პენალტის დანიშვნაც შეეძლო, როდესაც გიორგი გულიაშვილი საჯარიმოში მოცელეს. 27-ე წუთზე კი გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და პოლონელები მეკარემ გადაარჩინა.
მეორე ნახევარში, მთავარმა არბიტრმა 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააგდო ჩვენი ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს, მთელი ძალებით შეუტიეს და საბოლოოდ, ანგარიში გაათანაბრეს. საქართველოს კარი 56-ე წუთზე საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მათეუშ ჟუკოვსკიმ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.
მეორე შეხვედრაში ირლანდიამ მაკედონია 3:0 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერი გახდა. 24 მარტს მეორე ტურის მატჩებია და საქართველო სწორედ ირლანდიას შეხვდება, ხოლო პოლონეთი – მაკედონიას.
„ტექნიკური ქართველები ჩვენს მცველებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ და მეკარე ძალიან ანერვიულეს. დღეს მოგება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა”, – ასე შეაფასეს ქართველთა თამაში პოლონელმა კომეტატორებმა.