17-წლამდელები ირლანდიასთან დამარცხდნენ
17-წლამდელები ირლანდიასთან დამარცხდნენ

დამაიმედებელი სტარტის შემდეგ, საქართველოს 17 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე ტურში დამარცხდა. პოლონეთში მიმდინარე მინიტურნირზე გიორგი ნემსაძის გუნდი ირლანდიას შეხვდა და 0:2 წააგო.

ანგარიში მე-4 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა – ბურთი საკუთარ კარში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ელგუჯა ჯანგველაძემ ჩაჭრა 0:1. 33-ე წუთზე პატარა „ჯვაროსნების“ კარი მეორედ შონ ბრენანმა აიღო 0:2 და საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა.

ირლანდიამ პირველი შეხვედრა 3:0 მოიგო და 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა. მეორეზე კი პოლონეთია, საქართველოსთან 2:2-ის შემდეგ დღეს მაკედონია 3:0 დაამარცხა.

ბოლო ტურის მატჩები 27 მარტს გაიმართება და საქართველო მაკედონიას შეხვდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუკი ირლანდია ბოლო შეხვედრაში პოლონეთსაც დაამარცხებს, ხოლო საქართველო ბალკანურ ნაკრებს 5-ბურთიანი სხვაობით აჯობებს. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი მოხვდება.