ელგუჯა ხოკრიშვილი - გერმანიის შსს-ს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომელიც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი
გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კოალიციის შეთანხმებით უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი.
ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიის შს მინისტრი სტეფან მაიერი იუწყება, რომ მთავრობას წარუდგენს გეგმას, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს და ეს პაკეტი საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც მოიცავს.
„გერმანულ მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფან მაიერი იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის მაისში, არაუგვიანეს ივნისისა გეგმავს მთავრობის კაბინეტს წარუდგინოს გეგმა, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს.
ეს პაკეტი მოიცავს ასევე საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კოალიციის შეთანხმებით უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი.
კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები ძირითადად არ კმაყოფილდება და აღიარების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.
გერმანიაში მოქმედი სტანდარტის თანახმად, ქვეყანა მიიჩნევა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად არსებული დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნას ადგილი არ აქვს და ამასთან უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების დაცვას სხვა ყველა სახის დევნისაგან.
თავისთავად, ის გარემოება, რომ გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის განაცხადების აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
თუმცა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება კიდევ უფრო გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურას და მინიმუმამდე შეამცირებს განხილვის ვადებს“, – განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა.
მისივე თქმით, პროცედურის თანახმად, გერმანიის მთავრობის კაბინეტის თანხმობის გარდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საჭიროებს პარლამენტისა და ფედერალური საბჭოს თანხმობას.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან, ისევე, როგორც ფედერალური მიწების მთავრობებთან, იმისათვის რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პროცესის დროულად დასრულებას“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.