გერმანია „კოვაქსის“ ფარგლებში ვაქცინის 18 სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის გადაცემას მიესალმება
გერმანია „კოვაქსის“ ფარგლებში ვაქცინის 18 სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის გადაცემას მიესალმება

გერმანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საერთაშორისო მექანიზმის, „კოვაქსის“ მიერ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დისტრიბუციის დაწყებას მიესალმება. ამის შესახებ საუბარია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საპილოტე პროგრამის ფარგლებში „კოვაქსის“ მეშვეობით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვალში 18 სახელმწიფო მიიღებს, მათ შორის, ევროპის მეზობელი სახელმწიფოები საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბოსნია. გერმანია და ევროკავშირი მხარს უჭერენ „კოვაქსის“ პლატფორმას მისი დაარსების დღიდან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „კოვაქსის“ მექანიზმს 400 მილიონი ევროთი აფინანსებს.

„გერმანია ასევე შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს განვითარებადი ქვეყნების დახმარებაში. სხვა დახმარებასთან ერთად, გერმანიამ გამოყო 300 მილიონი ევრო „კოვიდ-19“-ის პანდემიის კონტექსტში ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ასევე, მხარს უჭერს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური საშუალებების სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებასა და ხელმისაწვდომობას მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.