ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძემ თავს უფლება მისცა, „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრაზე მისულების რეიტინგი ციფრებში გაეზომა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საზოგადოების განწყობებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მისულების განწყობების შესახებ ისაუბრა.
„ირაკლი კობახიძემ თავს უფლება მისცა, „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრაზე მისულების რეიტინგი ციფრებში გაეზომა. იქ არიან მმართველი პარტიის ამომრჩევლები, ყოფილი ამომრჩევლები, გაბრაზებულები, რომლებიც ძალიან წუხან მართმსაჯულების საკითხებზე. მათ ჰქონდათ განწყობა, რაც გასაგებად ითქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც უნდა იყოს ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, უნდა გაიგონოს მათი ხმა. ითქვა, რომ არ მოსწონთ ის დამოკიდებულება, რაც ხდება სასამართლოსთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საზოგადოების განწყობებს, თორემ გვინახავს ამ ქვეყანაში, ვისაც ცოტა მეტი გამოცდილება აქვს, როგორ მთავრდება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სვლა, როგორ მთავრდება, როდესაც არ გესმის შენი ხალხის განწყობის და ემსგავსები იმ ხელისუფლებას, რომელთან ბრძოლასაც ძალიან ბევრი წელი შევალიეთ, რომ შეცვლილიყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ აღნიშნა, რომ მას აწუხებს არა ის, როგორ იქცევა მასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე, არამედ როგორ ექცევა ის პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს. მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის დღის წესრიგში არ არის შეტანილი მისი კანონპროექტი.
„ჩავხედე დღის წესრიგს და ვერ ვხედავ იმ კანონპროექტს, რომელიც განიხილა იურიდიულმა კომიტეტმა ერთი კვირის წინ. ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. დასრულდა განხილვა, მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დასკვნა და კანონპროექტი მასალებთან ერთად უნდა ყოფილიყო გადაგზავნილი საორგანიზაციო დეპარტამენტში, რომ იყოს დღის წესრიგში. მაშინ, როდესაც ვხედავ, ჩასმულია ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ ასე ნაჩქარევად, ასე უპატივცემულოდ, ასე საზოგადოებრივი განწყობების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე განიხილა კომიტეტმა. ეს კანონპროექტი არის დღის წესრიგში. მაინტერესებს, რატომ იქცევა ასე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რატომ არღვევს ამ წესს, რატომ არ არის ჩვენი კანონპროექტი დღის წესრიგში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.