ძუძუმწოვართა წინაპრები 236 მილიონი წლის წინ უკვე ცოცხალმშობები იყვნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ქმნილებები, რომლებმაც ხიდი გადეს ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს შორის, შესაძლოა ცოცხალ ნაშიერებს იმაზე 90 მილიონი წლით ადრე აჩენდნენ, ვიდრე გვეგონა.
მონოტრემების, ანუ იქედნესა და იხვნისკარტას გარდა, ყველა ძუძუმწოვრის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ისინი ცოცხალ ნაშიერებს აჩენენ. ამ ცოცხალმშობობის ალტერნატივაა კვერცხისმდებლობა, რაც სხვა ხერხემლიანებში გვხვდება, ანუ როდესაც მდედრი კვერცხს დებს და ნაშიერები მისი სხეულის გარეთ იჩეკებიან.
დიდი ხანია, არსებობს კითხვა იმის თაობაზე, კვერცხს დებდნენ თუ ცოცხლად შობდნენ ნაშიერს არსებები, რომლებსაც ცინოდონტებს უწოდებენ; ისინი დაახლოებით 260 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, პერმულ გეოლოგიურ ხანაში და არიან ყველა ძუძუმწოვრის პირდაპირი წინაპრები. მათი რეპროდუქციის არანაირი მტკიცებულება აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.
„საიდუმლოდ რჩებოდა, ძუძუმწოვართა წინაპრები კვერცხისმდებლები იყვნენ თუ ცოცხალმშობნი. არ გვქონდა მინიშნებები იმის თაობაზე, როგორ ან როდის ჩამოყალიბდა ძუძუმწოვართა ხაზში თანამედროვე ძუძუმწოვართა უმეტესობის ყველაზე გამორჩეული თვისებები“, — ამბობს არგენტინის ეროვნული სამეცნიერო და ტექნიკური კვლევების საბჭოს მკვლევარი ლეანდრო გაეტანო.
ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ლექციის დროს შემთხვევითი ჩატარებული დაკვირვების წყალობით, ეს ყველაფერი შეიცვალა. სტუდენტები სწავლობდნენ Chiniquodon theotonicus-ის ნამარხს — ცინოდონტის, რომელიც 236 მილიონი წლის წინ ცოცხლობდა და 2011 წელს აღმოაჩინეს ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში, ტალამპაიას ეროვნულ პარკში. ანალიზისას მიკროსკოპით შეისწავლეს ამ ერთ-ერთი უძველესი ცხოველის ფეხის ძვლიდან აღებული თხელი ნაჭრები. ამ დროს კლასმა ძვლის შიგნით უცნაური ზრდის ხაზი შენიშნა.
გაეტანომ და მისმა კოლეგებმა კვლევა გააგრძელეს და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს ხაზი, რომელიც ხის ზრდის ხაზს ჰგავდა, აღნიშნავდა მომენტს, როცა ძუძუმწოვრების ეს უძველესი ნათესავი სწრაფად გაიზარდა დაბადების შემდეგ.
მკვლევრებმა აღადგინეს, რამხელა უნდა ყოფილიყო ფეხის ძვალი და თავად ცხოველი მაშინ, როცა ზრდის ხაზი ჩამოყალიბდა. გამოთვალეს, რომ იმ მომენტში ცხოველის წონა 1,68 კგ უნდა ყოფილიყო. როცა ის მოკვდა, უკვე ზრდასრული იყო, მაგრამ მაინც სულ რაღაც 12 კგ.
ამ მონაცემებმა მკვლევრებს უძველესი ცხოველის ახალშობილისა და ზრდასრულის ზომის თანაფარდობა მისცა. შემდეგ ეს მაჩვენებელი შეადარეს თანამედროვე ცხოველთა ასეთივე თანაფარდობებს — 1869 ძუძუმწოვრის, 2619 არამფრინავი ქვეწარმავლის და 782 ფრინველის.
„გაოცებულები დავრჩით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ Chiniquodon-ი დაჯგუფებული იყო ჩვენამდე მოღწეულ პლაცენტურ ძუძუმწოვრებთან“, — ამბობს გაეტანო.
მისი თქმით, კვერცხისმდებელი ცხოველების ჯგუფები იძლევიან ნაშიერებს, რომლებიც გამოჩეკვისას იმაზე გაცილებით პატარები არიან, ვიდრე ზრდასრულები.
მაგალითად, დიდ ფრინველთა ზოგიერთი სახეობა ჩეკავს ნაშიერებს, რომლებსაც ზრდასრულის სხეულის მასის მხოლოდ 0,002 პროცენტი აქვთ; პლაცენტიანი ძუძუმწოვრები კი ხშირად შობენ ნაშიერებს, რომლებსაც მშობლის სხეულის მასის 20 პროცენტზე მეტი აქვთ.
„მხოლოდ პლაცენტიანი ძუძუმწოვრები შობენ შედარებით დიდ ნაშიერებს, ქვეწარმავლები და ფრინველები კი შედარებით პატარებს ჩეკენ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ Chiniquodon theotonicus-ის რეპროდუქციული სტრატეგია ყველაზე მეტად ჰგავდა პლაცენტიანი ძუძუმწოვრებისას“, — ამბობს გაეტანო.
ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბენტონი ამბობს, რომ კვლევის შედეგები დამაჯერებელია.
„ამას გარდა, როგორც ისინი ირწმუნებიან, კვერცხების აშკარა იშვიათობა პერმულ და ცარცულ პერიოდში ყოველთვის იყო თავსატეხი“, — ამბობს იგი.
კვლევა Frontiers in Mammal Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.