აღმოჩენილია ძაღლის მსგავსი უძველესი მტაცებლის ნამარხი, რომელიც ძუძუმწოვართა უძველესი წინაპარი იყო — #1tvმეცნიერება
დინოზავრების ეპოქამდე, თანამედროვე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მალიორკის ტერიტორიაზე, პანგეის ტროპიკულ ჭალებში, ბალახისმჭამელ ქვეწარმავლებს შორის ცხოვრობდა შიშველი, თბილსისხლიანი კვერცხისმდებელი, რომელსაც მეცნიერები გორგონოპსიას უწოდებენ.
270 მილიონი წლის წინ მომკვდარი ერთ-ერთი ინდივიდის ნამარხმა შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცნობები მოგვცეს ჩვენი საკუთარი ევოლუციის შესახებ. პალეონტოლოგთა აზრით, ის შეიძლება გორგონოპსიების უძველესი ეგზემპლარი იყოს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის — წინა ნიმუშზე 15 მილიონი წლით ძველი. შედეგად, ის ძუძუმწოვართა ყველაზე ადრეული ნიმუშია ჩვენთვის ცნობილთა შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ნაშთები არასრულია, ძვლების მრავალფეროვნებამ აღმომჩენი პალეონტოლოგები გააოცა. ნამარხებს შორისაა თავის ქალის ფრაგმენტები, ხერხემალი და მალები, ასევე კარგად შენახული ბარძაყი — ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დეტალებს გვთავაზობს იმ არსების დივერსიფიკაციის შესახებ, რომელიც შემდეგ პირველი ნამდვილი ძუძუმწოვარი გახდა.
„გორგონოპსიები უფრო მჭიდროდ ენათესავებიან ძუძუმწოვრებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ დღევანდელ ცხოველს. არ ჰყავთ არცერთი დღევანდელი შთამომავალი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირდაპირი წინაპრები არ არიან, ენათესავებიან იმ სახეობებს, რომლებიც ჩვენი პირდაპირი წინაპრები იყვნენ“, — ამბობს აშშ-ის ფილდის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი კენ ანგიელზიკი.
მართალია, გორგონოპსიებს გარე ყურები არ ჰქონდათ, მაგრამ გააჩნდათ წინამორბედი მახასიათებელი ყბაში, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა ძუძუმწოვრისთვის დამახასიათებელ ყურის ძვლებად. ამას გარდა, მათი ფეხებიც უფრო მეტადაა განლაგებული სხეულის ქვეშ, ვიდრე ჩვენი უფრო ძველი, არაძუძუმწოვარი წინაპრების გვერდებზე გადახრილი რეპტილიური ფეხები.
„ეს ცხოველი რომ ქუჩაში დაინახოთ, საშუალო ზომის ძაღლს მიამსგავსებთ, ალბათ ჰასკის ზომის, მაგრამ არც ისე სწორი დგომა ექნება. არ ექნება ბალანი და არც ძაღლის მსგავსი ყურები“, — განმარტავს ანგიელზიკი.
დღევანდელ ძუძუმწოვართა მსგავსად, ერთი მეტრის სიგრძის გორგონოპსიებს თავის ქალის გვერდებზე ჰქონდათ ყბის კუნთების ხვრელები.
ნამარხი ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ხმალკბილა ცხოველის დეტალურ სურათსაც გვიხატავს. კბილების განლაგება მიუთითებს, რომ გორგონოპსიები იმ დროის სუპერმტაცებლები იყვნენ; სავარაუდოდ, ნადირობდნენ ბალახისმჭამელებზე, უძველეს ხვლიკის მსგავს ცხოველებზე (Tramuntanasaurus tiai), რომელთა ძვლებიც ნამარხების იმავე ძეგლზე აღმოაჩინეს.
„ხმლისებრი კბილები ეკოსისტემების დიდ მტაცებლებში საკმაოდ გავრცელებულია. იქ ასეთი იყო გორგონოპსია“, — ამბობს პალეონტოლოგი ენჯელ გალობარტი.
მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, 273 მილიონი წლის წინ მომხდარმა მასობრივმა გადაშენებამ (ოლსონის გადაშენება), შეიძლება ეკოლოგიური სივრცე წარმოქმნა გორგონოპსიებისა და ძუძუმწოვრების სხვა წინაპრებისთვის, რომლებმაც ჩვენი გვიანდელი ევოლუციის თესლი ჩათესეს.
„დინოზავრების ეპოქამდე, ძუძუმწოვართა უძველესი ნათესავების ხანა იდგა. მათი უმეტესობა დღევანდელი ძუძუმწოვრებისგან ძლიერ განსხვავებულად გამოიყურებოდა. თუმცა, ისინი ნამდვილად მრავალგვარი იყვნენ და მრავალ სხვადასხვა ეკოლოგიურ როლს ასრულებდნენ. ახალი ნამარხის აღმოჩენა ძუძუმწოვართა ჩამოყალიბების ფაზლის კიდევ ერთი ნაჭერია“, — ამბობს ანგიელზიკი.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.