ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ბელგრადში ორი ქართული კლუბი გამოვა #1TVSPORT
11:23, 09.12.2023
9 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ტურნირი ძიუდოში, სადაც ორი ქართული კლუბი – „მებრძოლი“ და „გოლდენ გორი“ გამოვლენ.
„მებრძოლი“ შეჯიბრში პირდაპირ მეოთხედფინალიდან იასპარეზებს, მისი მეტოქე კი სერბულ კლუბებს – „პროლეტერსა“ და „ბეოგრადს“ შორის გამარჯვებული იქნება.
ქართული კლუბი წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ნახევარფინალში, დიდი ალბათობით, ფრანგულ პსჟ-ს დაუპირისპირდება, სადაც, ლეგენდარულ ტედი რინერთან ერთად, საქართველოს ნაკრების წევრები – ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ლაშა ბექაური ჭიდაობენ.
ჩემპიონთა ლიგაზე ასევე მეოთხედფინალიდან იასპარეზებს „გოლდენ გორიც“, რომელიც ბერძნულ „არისსა“ და სერბულ „პარტიზანს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად, ქართველების პსჟ-სთან ერთად, მასპინძელი „ცრვენაზვეზდაც“ ითვლება.
„მებრძოლის“ ღირსებას იცავენ: გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ.), საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე (+90 კგ.), ხოლო „გოლდენ გორში“ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (90 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ) გამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა.