ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების კლუბმა, პსჟ-მა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების კლუბმა, პსჟ-მა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირი გაიმართა, სადაც ორი ქართული კლუბი – „მებრძოლი“ და „გოლდენ გორი“ გამოვიდნენ. ორივე ქართული კლუბი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად რეპეჟაში გადაერთო.

2022 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „მებრძოლმა“ რეპეჟაშიც წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. „გოლდენ გორი“ კი მესამე ადგილისთვის ქართველი ძიუდოისტების კლუბს, პსჟ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ფრანგული კლუბის შემადგენლობაში გადამწყვეტი ორთაბრძოლები ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს. 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი, ბელგრადული კლუბი გახდა, რომელმაც ფინალში ბერძნული „არისი“ 3:0 დაამარცხა.

„მებრძოლის“ ღირსებას იცავდნენ : გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ.), საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე (+90 კგ.), ხოლო „გოლდენ გორში“ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (90 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ) გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა.