გორში ჩატარებული ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დასახელდა #1TVSPORT
გორში ჩატარებული ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დასახელდა #1TVSPORT

ბელგრადში, ევროპის ძიუდოს კავშირის დაჯილდოებაზე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად გორში ჩატარებული „შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი – ჩემპიონთა ლიგა“ დაასახელეს.

2022 წლის ნოემბერში გამართული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ქართული კლუბი „მებრძოლი“ გახდა.

წელს, 9 დეკემბერს ბელგრადში ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ორი ქართული კლუბი – „მებრძოლი“ და „გოლდენ გორი“ გამოვიდნენ. ორივე ქართული კლუბი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად რეპეშაჟში გადაერთო.

2022 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, „მებრძოლმა“ რეპეშაჟშიც წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. „გოლდენ გორი“ კი მესამე ადგილისთვის ქართველი ძიუდოისტების კლუბს, პსჟ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ფრანგული კლუბის შემადგენლობაში გადამწყვეტი ორთაბრძოლები ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს. 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი სერბული კლუბი გახდა, რომელმაც ფინალში ბერძნული „არისი“ 3:0 დაამარცხა.