ძიუდოისტები, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ყრილობაზე მცირე შეყოვნების შემდეგ შეუშვეს [ფოტო, ვიდეო]
ძიუდოისტები, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობაზე მცირეოდენი წინააღმდეგობის შემდეგ შეუშვეს.
ყრილობას ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი და მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი ესწრებიან.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფედერაციის ყრილობაზე პარლამენტის დეპუტატი, “ევროპული საქართველოს” წევრი, ძიუდოში ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად შევიდა.
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.
ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.