დუბლინში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეების აქციაზე სამი პოლიციელი დაშავდა
დუბლინში, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეების აქციაზე სამი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 23 პირი დააკავეს.
ირლანდიის პოლიციის კომისრის, დრიუ ჰარისის თქმით, პოლიციას „გაუმართლა“, რომ ოფიცრებმა სერიოზული დაზიანებები არ მიიღეს, როდესაც მათ ფოიერვერკები დაუმიზნეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჰარისმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე ფოიერვერკების მიტანა ძალადობრივ მიზანს ემსახურებოდა. კომისრის თქმით, იმის დასადგენად, თუ რა მოხდა აქციაზე, გამოძიება მიმდინარეობს. დემონსტრაციაში მონაწილეობა ასობით პირმა მიიღო.
დუბლინის ცენტრში მომხდარ ფაქტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი გამოეხმაურა. მან პროტესტი დაგმო და განაცხადა, რომ მომიტინგეებმა მიუღებელი რისკი შეუქმნეს საზოგადოებასა და პოლიციას. მაიკლ მარტინის თქმით, მასობრივმა შეკრებამ პატივისცემის სიმცირე აჩვენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც პანდემიის დროს უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს. პრემიერ-მინისტრის მოადგილის თქმით კი, ის მომხდარით „შეძრწუნებულია“.