„დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე კლუბს დატოვებს.
„ჩვენი თანამშრომლობა მარიო გიოტცესთან ზაფხულში დასრულდება. ეს საერთო გადაწყვეტილებაა, რომელიც ღია საუბრის შემდეგ მივიღეთ“, – დაწერა ცორკის სიტყვები კლუბის ოფიციალურმა „ტვიტერმა”.
27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში იწურება. გიოტცემ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და სამი გოლი გაიტანა.
ორი დღის წინ, „დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა განაცხადა, რომ გიოტცე არ ჯდება გუნდის სათამაშო სქემაში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ გერმანელი ფეხბურთელის მიმართ რომაული კლუბები – „ლაციო“ და „რომა“ გამოთქვამენ ინტერესს.