დონალდ ტრამპმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერის მოსმენაზე უარი განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დროს გაკეთებული აუდიოჩანაწერის მოსმენაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
აუდიოჩანაწერი აშშ-ს თურქეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას გადასცა. დონალდ ტრამპის თქმით, მან აუდიოჩანაწერის შინაარსის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღო და არ სურს ამ „სასტიკი“ და „საშინელი“ ჩანაწერის მოსმენა.
ხაშოგის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობა თავის დასკვნებს ხვალ გამოაქვეყნებს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს მიიჩნევს. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ პრინცმა მასთან საუბრისას მკვლელობასთან კავშირი არაერთხელ უარყო.
გასულ კვირას აშშ-მა ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესა.
საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. თურქეთის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ის მჟავის საშუალებით გაანადგურეს. მკვლელობასთან დაკავშირებით ერ-რიადმა საკუთარი ვერსია რამდენჯერმე შეცვალა. სამეფოს ბოლო განმარტებით, ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედი ჯგუფის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს.