დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე დაწესებული ახალი ტარიფები გააუქმა
დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე დაწესებული ახალი ტარიფები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე დაწესებული ახალი ტარიფები გააუქმა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომის ფარგლებში მნიშვნელოვან კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები ორმხრივი ეკონომიკური შეთანხმების პირველ ფაზაზე შეთანხმდნენ.

როგორც დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩინურ საქონელზე დაწესებული ტარიფების ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში აშშ-ში ჩინური პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდება.

ვაშინგტონი ძალაში ტოვებს 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 25-პროცენტიან ტარიფს. თუმცა ორჯერ, 7,5 პროცენტამდე ამცირებს 120 მილირდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტზე დაწესებულ ტარიფს. თავის მხრივ, ჩინეთმა აიღო ვალდებულება, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გაცილებით დიდი რაოდენობის სიმინდი და ხორბალი შეიძინოს.

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ასევე შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ დარჩენილი საკითხები. მათ შორისაა ინტელექტუალური საკუთრება, სოფლის მეურნეობა, საფინანსო მომსახურება და სხვა სფეროები.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი 2018 წლის შემდეგ გრძელდება. უდიდესი ეკონომიკის მქონე ორმა სახელმწიფომ ამ ხნის განმავლობაში ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტზე ტარიფები რამდენჯერმე დააწესა. დონალდ ტრამპი ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვასა და სამართლიანი კონკურენციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს, რაც ტრამპის  განმარტებით, აშშ-ის წარმოებას აზარალებს.