დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ტულსაში მიტინგზე არეულობის მომწყობებს პოლიცია უპასუხებს
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ტულსაში მიტინგზე არეულობის მომწყობებს პოლიცია უპასუხებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში ნიუ იორკის, სიეტლისა ან მინეაპოლისისის მსგავსად არ მოექცევიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ოკლაჰომას ქალაქ ტულსაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მასშტაბური მიტინგი აქვს დაგეგმილი. ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის საარჩევნო ღონისძიების პარალელურად ტულსაში შესაძლოა, მისი მოწინააღმდეგეების მანიფესტაციაც გაიმართოს.

„ნებისმიერმა დემონსტრანტმა, ანარქისტმა, აგიტატორმა, მაროდიორმა ან ნაძირალამ, რომელიც ოკლაჰომაში აპირებს ჩასვლას, გთხოვთ, გააცნობიერეთ, თქვენ არ მოგექცევიან, ისე როგორც ნიუ იორკში, სიეტლში ან მინეაპოლისში მოგექცნენ. ეს განსხვავებული სცენა იქნება!“ – წერს დონალდ ტრამპი.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, მარკ ლოთერმა განმარტა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვა ეხებოდა აგიტატორებს და არა მშვიდობიან დემონსტრანტებს.

„პრეზიდენტი მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტს და ადამიანებს, რომლებიც პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებას იყენებენ. თუ ჩვენ დავინახავთ, რაც ვიხილეთ სხვა ქალაქებში არეულობით, მაროდიორობით, შენობების დაწვით და ფიზიკური ძალადობით, მაშინ ეს იქნება ის, რასაც პოლიცია უპასუხებს“, – განაცხადა მარკ ლოთერმა.

მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკენანიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დესტრუქციული დემონსტრაციები მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ ტულსაში დონალდ ტრამპის საარჩევნო ღონისძიებისთვის ქალაქის მერმა კომენდანტის საათი გააუქმა, რისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა მას „ტვიტერში“ მადლობა გადაუხადა.

დატოვე კომენტარი