დონალდ ტრამპი ვენესუელის მახლობლად B-1 ტიპის ბომბდამშენების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
დონალდ ტრამპი ვენესუელის მახლობლად B-1 ტიპის ბომბდამშენების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ვენესუელაზე სამხედრო ზეწოლის გასაძლიერებლად B-1 ტიპის ბომბდამშენებს აგზავნიდა.

„არა, ეს სიცრუეა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ძალიან უკმაყოფილოა ვენესუელათი“.

მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა სტატია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საჰაერო ძალებმა B-1 ტიპის ბომბდამშენები ვენესუელის მახლობლად გაგზავნეს.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა შესაძლოა, კონგრესს აცნობოს, თუ ადმინისტრაცია გადაწყვეტს ზღვაში ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციების ჩატარების შემდეგ, ხმელეთზე სამიზნეებზე თავდასხმას.

„ახლა ისინი ხმელეთით შემოდიან. შემდეგი ხმელეთი იქნება. შეიძლება, სენატში მივიდეთ. შეიძლება, კონგრესში მივიდეთ და ამის შესახებ ვუთხრათ“, – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, მოითხოვდა თუ არა ომის გამოცხადებას, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„არ მგონია, რომ აუცილებლად ომის გამოცხადებას მოვითხოვთ. ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ მოვკლავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები შემოაქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა.