დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში 13 ნოემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს
დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში 13 ნოემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში 13 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ახლახანს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. მან მაცნობა, რომ მათ დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მრავალი მებრძოლი, რომლებიც როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, გაიქცნენ კონფლიქტის დროს, მათ შორის მკვლელი ტერორისტის, ალ-ბაღდადის ცოლი და და. ასევე, ვისაუბრეთ მათ საზღვარზე სირიასთან, ტერორიზმის აღმოფხვრაზე, ქურთებთან მტრობის დასრულებასა და მრავალ სხვა საკითხზე. ველოდები მომავალ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს თეთრ სახლში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ გარდაცვლილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი, და და სიძე დააკავეს.