დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერმა აპრილში პეკინში ვიზიტით მიიწვია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერმა აპრილში პეკინში ვიზიტით მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ის აპრილში პეკინში ვიზიტით მიიწვია, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

„ახლახან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სისთან. განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის უკრაინა-რუსეთი, ფენტანილი, სოიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ა.შ. ჩვენი ფერმერებისთვის კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება დავდეთ და ეს მხოლოდ უკეთესი გახდება. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უკიდურესად ძლიერია! ეს ზარი იყო გაგრძელება ჩვენი ძალიან წარმატებული შეხვედრის სამხრეთ კორეაში, სამი კვირის წინ. მას შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ორივე მხრიდან ჩვენი შეთანხმებების აქტუალურობისა და სიზუსტის შენარჩუნებაში. ახლა შეგვიძლია, უფრო ფართო სურათს შევხედოთ. ამ მიზნით პრეზიდენტმა სიმ მიმიწვია პეკინში აპრილში, რასაც დავთანხმდი და საპასუხოდ ვუთხარი, რომ წლის ბოლოს ის იქნება ჩემი სტუმარი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ხშირად გვქონდეს კომუნიკაცია, რასაც მოუთმენლად ველი“, – წერს ტრამპი.