დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი ბიზნესმენები „ტიკტოკის“ გარიგებაში ინვესტორების სახით ჩაერთვებიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი ბიზნესმენები „ტიკტოკის“ გარიგებაში ინვესტორების სახით ჩაერთვებიან.
ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში დაასახელა ბიზნესმენების ვინაობაც: კომპანია Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი, Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი და „ფოქს ნიუსის“ მფლობელი ლაჩლან მერდოკი.
„ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან და ამერიკელი პატრიოტები, ამიტომ კარგ საქმეს გააკეთებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აპლიკაცია „ტიკტოკი“ მას არჩევნებში ძალიან დაეხმარა.
„მე ცოტა მიკერძოებული ვარ „ტიკტოკის“ მიმართ. მე „ტიკტოკზე“ ძალიან კარგად ვიმუშავე და ახალგაზრდა ამომრჩეველთა ხმები მივიღეთ რეკორდული რაოდენობით. ამაში დიდი წვლილი „ტიკტოკს“ მიუძღოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.