„საკრამენტო კინგზისა“ და ლიეტუვის ნაკრების ფორვარდი დომანტას საბონისი არ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აგვისტოში დაიწყება ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა გამოცემა Basket News-მა.
საბონისი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს 2022-23 წლების სეზონის შემდეგ მძიმე აღდგენითი პროცესის გამო – ის კვლავინდებურად მკურნალობს თითის ტრავმას, რომელიც გასული სეზონის ერთ-ერთი მატჩის დროს მიიღო.
გარდა ამისა, ლიეტუველი კვლავაც გაურკვევლობაშია „საკრამენტოსთან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები კლუბსა და მოთამაშეს შორის.
წერენ, რომ საბონისის ადგილს ლიეტუვის ნაკრებში „მონაკოს“ ფორვარდი დონატას მატეიუნასი დაიკავებს.