არვიდას საბონისი - რუსებმა მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება, აღარასოდეს დავუჯეროთ ამ მატყუარებს #1TVSPORT
არვიდას საბონისი - რუსებმა მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება, აღარასოდეს დავუჯეროთ ამ მატყუარებს #1TVSPORT

ლეგენდარული ლიეტუველი კალათბურთელი არვიდას საბონისი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის თავხედურ აგრესიას უკრაინაში. მან მეტად ხისტი განცხადებები გააკეთა რუსეთის მისამართით.

„მე არ მაქვს კავშირი რუსებთან. ცხოვრებაში აღარასოდეს უნდა დავუჯეროთ ამ მატყუარებს. მშვიდობის მტრედები, მშვიდობის ქვეყანა… აქ არის მშვიდობა? ბომბავენ ბავშვებსა და თავისუფალ ადამიანებს. სიტყვები არ მყოფნის. ამიტომაც რუსეთთან ურთიერთობის მცირედი სურვილიც აღარ გამაჩნია“, – ამბობს საბონისი 15min.lt-სთან ინტერვიუში.

საბონისი აფასებს მონაცემებს, რომელიც რუსეთიდან ვრცელდება.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ომს. იმედია, ეს რიცხვი გადაჭარბებულია. მაგრამ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი სიტყვები ბევრს არაფერს შეცვლის. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსებმა მთელს მსოფლიოს დაანახეს: მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება“.

საბონისი ასევე ლაპარაკობს ომის შედეგებზე სპორტის ჭრილში.

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ რუსული კლუბები გარიცხულნი უნდა იყვნენ ევროლიგიდან. და რთული სათქმელია, როდის შეძლებენ იქ დაბრუნებას“.

რაც შეეხება ერთი და იგივე ტურნირებზე უკრაინელებისა და რუსების ერთად გამოსვლას, საბონისი ამბობს:

„წარმოდგენა არ მაქვს, მომავალში როგორ შეძლებენ ისინი ერთად ასპარეზობას ან ვარჯიშს. რთულია ასეთი სცენარის წარმოდგენა. დღეს სლავები სლავებს კლავენ. უფრო მეტიც, ორი სლავური სახელმწიფო ერთ უტევს, ეს სისასტიკეა. ძმა ძმას კლავს. ომის შემდეგ ურთიერთობების აღდგენას, შესაძლოა, 50 წელი დასჭირდეს, მაგრამ წყენა ნამდვილად დარჩება“.

თავის მხრივ, გამოცემა The Athletic-ს ინტერვიუ მისცა არვიდას საბონისის ვაჟმა. „საკრამენტოს“ ცენტრმა დომანტას საბონისმა. მან იმ საშიშროებაზე ილაპარაკა, რომელიც მის თანამემამულეებს აღელვებთ.

„ყოველდღიურად ვცხოვრობთ ამით. გვყავს მეგობრები უკრაინაში. ეს ძალიან მძიმეა. ჩვენს ქვეყანას ეს ჯერჯერობით არ ეხება, თუმცა ყველანი ეხმარებიან უკრაინას. ომის პირველ 10 დღეში ლიეტუველებმა უკრაინელებისთვის 10 მილიონი დოლარი შეაგროვეს. ხალხი მათ საკვებს უგზავნის. ბავშვებს, რომლებიც ლიეტუვაში ჩამოდიან, სწავლებით ვუზრუნველყოფთ.

ყველა შიშობს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპაციას მოახერხებს, ის საბჭოთა კავშირის აღდგენას შეეცდება, რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ხუმრობად ეჩვენებათ, მაგრამ ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად ბევრი რამ დევს სასწორზე. ლიეტუვა ნატო-ს ალიანსში შედის. და თუ ერთ სახელმწიფოს დაესხმებიან თავს, ყველა დანარჩენი ჩაებმება ომში. და შემდეგ…“ – ამბობს 25 წლის კალათბურთელი.