ხორვატიის ნაკრების მცველი დომაგოი ვიდა, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასა და რუსეთს შორის კინაღამ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ამ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი ლევენტ იუმიტ ეროლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფეხბურთელი ამჟამად თურქული „ბეშიკტაშის“ წევრია, ხოლო რომელ რუსულ გუნდში გააგრძელებს კარიერას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ხორვატებმა მასპინძელი რუსეთი დაამარცხეს, ვიდამ, რომელიც იმ დროს კიევის „დინამოში“ თამაშობდა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც რამდენჯერმა გაიმეორა ფრაზა „დიდება უკრაინას“.
ამან რუსი გულშემატკივრებისა და მთავრობის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც, მოგვიანებით, ფეხბურთელი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.