თურქული გამოცემა - „ბეშიქთაშში“ ნინუას ტრანსფერი დასრულდა და მოთამაშის ხელმოწერა აკლია
თურქული გამოცემა - „ბეშიქთაშში“ ნინუას ტრანსფერი დასრულდა და მოთამაშის ხელმოწერა აკლია

თურქული გამოცემა „მილიეთი“ ამტკიცებს, რომ თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ნინუა „ბეშიქთაშში“ ჩაირიცხა და მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

„ნიკა ნინუა, რომელიც „ბეშიქთაშში“ წასვლამდე დღეებს ითვლის, ზედიზედ მესამე თამაშია, თბილისის „დინამოს“ 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. ის მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც სტამბოლის გუნდის შავ-თეთრ მაისურს მოირგებს. რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ, „ბეშიქთაში“ მოთამაშეს და მის კლუბს შეუთანხმდა. ტრანსფერის დასასრულებლად კონტრაქტს მხოლოდ მოთამაშის ხელმოწერა აკლია“, – ამტკიცებს „მილიეთი“.

გამოცემა იმის მტკიცებად, რომ ტრანსფერი დასრულებულია, ნინუას „დინამოში“ უთამაშებლობას ასახელებს: „ქართულ ფრონტზე, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი დასრულებულია. 21 წლის მოთამაშე თბილისის „დინამოში“ აღარ ჩნდება იმის მიუხედავად, რომ თბილისის „დინამოს“ კაპიტანია. ნინუა უკვე მესამე შეხვედრაში არ მონაწილეობს. სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი „ბეშიქთაშში” გადასვლის გამო არ თამაშობდა“.

მილიეთი“ ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ სოციალურ ქსელში ნიკა ნინუას პროფილი გატეხეს და ახლა დახურულია.

„ფეხბურთელის სოციალური ქსელის ანგარიში გატეხილია. ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გადადის „ბეშიქთაშში“ და სტამბოლის გუნდის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ნინუას გამომწერების რაოდენობა გაიზარდა და მის გადასვლასთან დაკავშირებით, მრავალი კომენტარი დაიწერა. პროფილი სწორედ ამ დროს გაუტეხეს და ჯერ არ აღუდგენია“, – წერს თურქული გამოცემა.