რამაზ სვანაძე – რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ ჩავარდნა, რომელიც ჩემი მოსვლით არ დაწყებულა #1TVSPORT

00:03, 15.11.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან წაგებული შეხვედრის (0:2) შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

„უნგრეთმა მეორე ტაიმში ტემპს მოუმატა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მომენტი შეგვიქმნეს. სამწუხაროდ, უყურადღებობა იყო დაცვაში და გოლები ამის გამო გავუშვით. სტანდარტული მდგომარეობის დროს ყველაფერს ყურადღება და კონცენტრაცია წყვეტს, რაც დაგვაკლდა.

რაც შეეხება იმას, რომ ტაქტიკური კუთხით იყო შეცდომები – მეორე ტაიმში ბევრი რამ არ იყო შესაცვლელი, რადგან ასეთი კარგი პირველი ტაიმი, დიდი ხანია, არ ჩაგვიტარებია. წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშით გოლს ვერ ვიტანთ, მაგრამ ეს რეალობაა და ჩვენი გამოსასწორებელი პრობლემაა. ფაქტია, რომ წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია. უბრალოდ, არ ვიცი, ასეთი უგოლო სერია რას მივაწერო, ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ, მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა მგონია.

უკრაინასთან თამაშამდე ფეხბურთელების მდგომარეობას გავაანალიზებთ და ცვლილებებიც ამის მიხედვით იქნება. კიდევ ერთ რთულ თამაშს ველით. ვიცოდი, სადაც მოვდიოდი და რა წნეხიც იქნებოდა, მაგრამ მზად ვარ, ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა და გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ჩავარდნა, რომელიც ჩემი მოსვლით არ დაწყებულა.

რა შეიძლება იყოს ბოლო შეხვედრაში მოტივაცია? დიდი წნეხის ქვეშ ვართ, მაგრამ ჩვენ საქართველოს ნაკრების ფორმას ვატარებთ და ესაა ყველაზე დიდი მოტივაცია“.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს – მატჩი 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი