დმიტრო კულება - რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან, აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ
დმიტრო კულება - რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან, აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბირთვული და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია.

როგორც კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში. ამიტომ მსოფლიომ კიდევ მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება“, – წერს კულება.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების ხუთივე ლიდერმა ხელი მოაწერა ბირთვული ომის დაუშვებლობის შესახებ განცხადებას.

„ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. გამოვდივართ აქედან. ახლა რისკები საკმაოდ არსებითია. მე არ ვისურვებდი, რომ ეს რისკები ხელოვნურად გაზარდონ. ამის მსურველი ცოტა არ არის. საფრთხე სერიოზული, რეალურია. არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება“, – განაცხადა ლავროვმა.