დმიტრო კულება - დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და აღარ ექნება მოტივაცია, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, სამხედრო ოპერაცია
დმიტრო კულება - დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და აღარ ექნება მოტივაცია, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, სამხედრო ოპერაცია

დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და აღარ ექნება მოტივაცია, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, სამხედრო ოპერაცია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რიგაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღის დაწყების წინ განაცხადა.

„ვიმყოფები მინისტერიალზე ყველა მოკავშირის მოწვევით და ამ ჟესტს დიდად აფასებენ უკრაინაში. ჩვენ მივაწვდით მოკავშირეებს უახლეს ინფორმაციას უკრაინის საზღვრების გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ. ასევე, ვისაუბრებთ რუსეთის ძალისხმევაზე, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია შიგნიდან და ზეწოლა მოახდინოს ყველა მხრიდან.

მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შეურთდნენ უკრაინას ერთობლივი შეკავების პაკეტის მიღებაში, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი არის პოლიტიკური და ეს გულისხმობს უფრო მკაფიო გზავნილებსა და კომუნიკაციას რუსეთთან იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვება მის პოტენციურ აგრესიულ ნაბიჯებს უკრაინაში, მეორე უნდა იყოს ეკონომიკური ზომების პაკეტი.

მარტივად რომ ვთქვათ, სანქციები, რომლესაც დაუწესებენ რუსეთს, თუ ის გადაწყვეტს მოქმედებას ყველაზე უარესი სცენარით და მესამე ელემენტი არის უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. პირველი და მესამე ელემენტი არის ყველაზე მეტად რელევანტური ნატო-სთვის, თუ მის მანდატს გავითვალისწინებთ.

დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინაციის შემთხვევაში შევძლებთ პუტინის შეკავებას და მას აღარ ექნება მოტივაცია, რომ აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, რაც არის სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.