ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღზე იერიშის შესახებ გავრცელებულ ცნობას
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღზე იერიშის შესახებ გავრცელებულ ცნობას

ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღზე იერიშის შესახებ გავრცელებულ ცნობას, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ასეთი განურჩეველი ცეცხლი აბსოლუტურად მიუღებელია და წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევას. ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის მიმდინარე ესკალაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ და აქებს უკრაინას მისი თავშეკავებულობისთვის“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ევროკავშირის სახელით ურყევ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მხარდაჭერას უცხადებს ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და მოუწოდებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისიის დაშვებისკენ, როგორც ეს განსაზღვრულია მისი მანდატით.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს დილით უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სტანიცა ლუგანსკა, რა დროსაც საარტილერიო ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი აღმზრდელი.