ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ განახლდება
ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ განახლდება

ჟან-კლოდ იუნკერი ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ Associated Press-ი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ საუკეთესოა. ის ერთადერთი შესაძლებელი შეთანხმებაა. შესაბამისად, მოლაპარაკებების განახლებას ადგილი არ ექნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები თავიდან არ დაიწყება“,- განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ლიდერები გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობებზე შეთანხმდნენ. თუმცა, ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, 11 დეკემბერს დაგეგმილი კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მას ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების კორექტირებისთვის დამატებითი მოლაპარაკებების გამართვა სურს. კერძოდ, ტერეზა მეის ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული ნაწილის გადახედვა უნდა, რომელიც მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ყველაზე სადავო ნაწილია.