„დინამომ“ კონკურენტი „დილა“ გაანადგურა - ოთარ კიტეიშვილი საუკეთესოებში დაწინაურდა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი ნახევარი “დინამო არენაზე” გამართული მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. მეორეადგილოსანმა თბილისის “დინამომ” უშუალო კონკურენტს, მესამეადგილოსან გორის “დილას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
თბილისელები პირველივე ტაიმში 4:0-ს დაწინაურდნენ. ოთარ კიტეიშვილმა გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა – “დინამოს” კაპიტანმა ორი გოლი (მე-15 დ 39-ე წუთები) გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბუდუ ზივზივაძემაც (26-ე და 59-ე წუთები) დუბლი შეასრულა, საჯარიმო დარტყმით ლაშა თოთაძემ გაიტანა (22-ე წუთი). 54-ე წუთზე გორელები 10 მოთამაშის ამარა დარჩნენ – ბოლო იმედის ჯარიმისთვის ანზორ სუხიაშვილი გააძევეს. თუმცა, თბილისელებმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს.
ოთარ კიტეიშვილის კონკურენტებმა ბომბარდირთა დავაში ვერაფერი გააკეთეს და “დინამოს” კაპიტანმა 11 გოლით უშუალო კონკურენტებს გაასწრო. ამას გარდა, ის საუკეთესო საგოლე ასისტენტებშიც დაწინაურდა – ახლა მის ანგარიშზე 9 პასია.
ამასთან, 71-ე წუთზე, “დინამოში” მათე ვაწაძე გამოჩნდა – 29 წლის თავდამსხმელმა მშობლიური კლუბის ფორმა 7 წლისა და 9 თვის შემდეგ ხელახლა მოირგო.
ამგვარად, “დინამომ” “დილა” 5:0 დაამარცხა, 38 ქულა დააგროვა და ლიდერ “საბურთალოს” 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო “დილა” 34 ქულით მესამე ადგილზე ჩატოვა. ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა დაიწყება და ჩემპიონატი 3 აგვისტოს განახლდება.