„დილას" ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს
„დილას" ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები სანაკრებო პაუზაზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქართველი ახალგაზრდები 6 ივნისს საბერძნეთს, ხოლო 10 ივნისს სლოვენიას ესტუმრებიან.

ამ მატჩებისთვის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ გორის „დილას“ სამი ფეხბურთელი გამოიძახა: მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, ნახევარმცველი გიორგი კუცია და თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი.

ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარები გიორგი კუციამ და ნუგზარ სპანდერაშვილმა გააკეთეს.

„მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ, ამაზე დიდი ბედნიერება ფეხბურთელისთვის არ არსებობს. ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, ეს ნდობა გავამართლო“, – ამბობს კუცია.

ნუგზარ სპანდერაშვილის თქმით, ნაკრებში თამაში არის თითოეული ფეხბურთელისთვის უპირველესი ღირებულება.

„როდესაც მისი ინტერესის სფეროში კიდევ ერთხელ ექცევი, ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასიამოვნო მომენტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელისა და გულშემატკივრის ნდობა გავამართლო“, – განაცხადა სპანდერაშვილმა.