დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ხელით არგენტინის ჩემპიონატშიც გავიტანე, მსაჯმა გამაფრთხილა, ასე აღარასოდეს მოიქცეო (ნაწილი 4)
დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ხელით არგენტინის ჩემპიონატშიც გავიტანე, მსაჯმა გამაფრთხილა, ასე აღარასოდეს მოიქცეო (ნაწილი 4)

ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით  (ნაწილი 1)

ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი (ნაწილი 2)

ხელზე შვიდი ნაკერი მედო, მაინც ვითამაშე და ხუთი გოლი გავიტანე (ნაწილი 3)

 

გაგრძელება

პირველი შეხება ფართო საზოგადოებასთან

1971 წელს ჩემს შესახებ პირველი სტატიები გაჩნდა. 28 სექტემბრის „კლარინში“ ეწერა: „გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც ნამდვილი ვარსკვლავის მონაცემები აქვს“. მათი აზრით კარადონა ვიყავი. წარმოიდგინეთ, პირველი სტატია მიძღვნეს და გვარი დაამახინჯეს!

შემდეგ პიპო მანსერამ ტელევიზიაში მიმიწვია. ყოველკვირეული გადაცემის, „ცირკულარის შაბათში“ საფეხბურთო შესაძლებლობები უნდა გამომემჟღავნებინა. ამ გადაცემას მთელი არგენტინა უყურებდა.

ისინი, ვინც „არხენტინოს ხუნიორსის“ თამაშებზე დადიოდა, კარგად მიცნობდნენ, მაგრამ ჩემი სახელი ბევრმა არ იცოდა. მოხდა ისე, რომ პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ მატჩზე თანატოლ ბიჭუნებთან ერთად ბურთის მიმწოდებლად წამიყვანეს. შესვენებისას ფრანსისმა მინდორზე შემიშვა, რათა ხალხი გამერთო. შანსი ხელიდან არ გავუშვი.

უჩვეულო არაფერი გამიკეთებია, ვკენწლიდი ყველაფრით, რითაც შეიძლებოდა: ტერფით, ბარძაყით, ქუსლით, თავით, მხრებით, ზურგით…  ფრანსისი გვერდით მედგა და მოედნის ცენტრისკენ მიმარბენინებდა. ცოტა ავღელდი, რადგან სხვა ბავშვები ვერ მომყვებოდნენ და ჩემს ილეთებსაც ვერ იმეორებდნენ. ვგრძნობდი, ხალხი მხოლოდ მე მიყურებდა. ბოლოს აპლოდისმენტები დავიმსახურე.

ყველაზე სასიამოვნო ამბავი მაინც 1970 წელს „არხენტინოს ხუნიორსისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ მატჩზე მოხდა. შეხვედრა „ველეს სარსფილდის“ მოედანზე ჩატარდა. წარმოიდგინეთ, მთელი კვირა გახეთქილი ბურთით ვთამაშობდით. ნამდვილი კოშმარი იყო. კვირას კი პინტერში გავემგზავრეთ, სადაც პრიმერა დივიზიონის ოფიციალური პაექრობები იმართებოდა. თვალებში ცეცხლი გვენთო. ნამდვილ მოედანზე თამაშის უფლება პირველად მოგვცეს.

ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს მისადგომებიდან დავარტყი. ბურთი ვიღაცას შეეხო და ძელის გვერდით მდგომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელ დონ რიოს თავში მოხვდა. გულშემატკივარმა სიცილი დაიწყო. დონ რიომ ბურთი დამიბრუნა და თამაში განვაგრძე. მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის მიყოლებით ვატყუებდი. ტრიბუნები ახმაურდნენ, ტაშს მიკრავდნენ.

ამასობაში პრიმერა დივიზიონის გუნდები „არხენტინოს ხუნიორსი“ და„ბოკაც“ გამოვიდნენ. პატარებს მოედანი უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ ხალხმა შეძახილები წამოიწყო: „თავი დაანებეთ, დარჩეს, დარჩეს!“

თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო „არხენტინოსის“, „ბოკას“ ქომაგებიც სკანდირებდნენ. იმ დღემ ინჩასებზე საუკეთესო მოგონება შემომინახა.

ჩემმა გუნდმა, „ლოს სებოლიტასმა“ კორდობაში ეროვნული ჩემპიონატის ფინალი წააგო. პინტოდან ჩამოსულმა „სანტიაგო დელ ესტერომ“ მოგვიგო. გუნდს ელიას ხანემი ხელმძღვანელობდა. წაგებამ გული მატკინა, ამიტომ უსაშველოდ მოვთქვამდი. ხანემის შვილი სესარი მომიახლოვდა და მითხრა: „ნუ ტირი ძმაო, შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდები“. რატომღაც ყველას ეგონა, რომ მან საჩემპიონო მედალი მაჩუქა. ასე არ ყოფილა, დამსახურებულად მოპოვებული ჯილდო სესარს დარჩა.

იმ შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ფოტო დამრჩა – მუხლებზე ვდგავარ და ჩემზე მაღალ, ატირებულ ბიჭს ვამშვიდებ. ბიჭუნას ალბერტო პაჩეკო ჰქვია, ის „კორიენტესის“ ღირსებას იცავდა. პაჩეკო ფინალში „ენტრე რიოსთან“ წაგების გამო ტიროდა. ჩვენ დიდი მეგობრები გავხდით.

პატარაობიდან ძალიან მიყვარდა „რივერთან“ თამაში და გამარჯვება. განსაკუთრებით სამი მატჩი დამამახსოვრდა. ერთში 3:2 გავიმარჯვეთ. მეორეში – 7:1. მესამე მატჩი „ევიტა 73-ის“ ფინალი იყო – „რივერ პლეიტი“ 5:4 დავამარცხეთ. თუ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლის ანალოგის მოძებნა გახდება საჭირო, ეს ფინალი უნდა გავიხსენოთ – ზედიზედ შვიდი მეტოქე მოვატყუე და ისე გავიტანე.

 

სიტერშპილერის მფარველობით

ჰო, „ღმერთის ხელით“ გატანილი გოლის პროტოტიპიც არსებობს. ის ბურთი საავედრას პარკში „ლოს სებალიტოსის“ მაისურით შევაგდე. მეტოქეებმა ეპიზოდი შენიშნეს და მსაჯს შეესივნენ, მაგრამ გოლი მაინც ჩაითვალა.

ვიცი, ეს არ არის კარგი, მაგრამ ერთია, როცა ცივი გონებით სჯი და მეორე – როცა თამაშში ხარ ჩართული და აზარტი ტვინს გიხშობს. ამ დროს მზად ხარ, ნებისმიერ ფასად გაიტანო. თუ ბურთთან ყველაზე ახლოს ხელი აღმოჩნდება, ვერაფერს გააწყობ.

არასოდეს დამავიწყდება „ველესის“ კარში ხელით გატანილი გოლი, რომელიც არ ჩაითვალა. ეს „სებალიტოსიდან“ წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ და მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. მსაჯმა მირჩია, ასე აღარასოდეს მოვქცეულიყავი. მადლობა გადავუხადე, თუმცა იქვე ვუთხარი, რომ ვერაფერს შევპირდებოდი. იმ წამს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იგივეს ინგლისთან, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიმეორებდი.

„ევიტა 73-ის“ ფინალიდან ერთი კვირის შემდეგ ჩემი შეძენის სურვილით შეპყრობილმა „რივერის“ პრეზიდენტმა ვილიამ კენტმა მამაჩემს თანხის დასახელება სთხოვა. ჩემმა მოხუცმა ლაკონური პასუხი გასცა: „დიეგო არხენტინოს ხუნიორსში“ ძალიან ბედნიერია.“ „რივერმა“ ჩემი ყიდვა კიდევ არაერთხელ მოინდომა.

იმავე პერიოდში ხორხე სიტერშპილერი გავიცანი. „არხენტინოსის“ საყმაწვილო გუნდების თამაშებს რეგულარულად ესწრებოდა. სიტერშპილერის ძმა, ხუან ედუარდო თავის დროზე „არხენტინოს ხუნიორსის“ ფეხბურთელი იყო და უაღრესად იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, მაგრამ საშინელი ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ძმის სიკვდილი ხორხესთვის უდიდესი დარტყმა იყო. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გუნდს არ გაკარებია. მხოლოდ მაშინ მოუბრუნდა გული, როცა უთხრეს – ახალი ტალანტი გამოჩნდაო. ეს მე გახლდით. სასოწარკვეთილმა კაცმა დეპრესია დაძლია და საყმაწვილო გუნდების კოორდინატორის პოსტზე დაიწყო მუშაობა.

მე-9 დივიზიონის საპასუხისმგებლო მატჩების წინ ხორხეს სახლში მივყავდით, რათა კარგად გამოვეკვებეთ, დაგვესვენა და საბრძოლველად განვწყობილიყავით. ლა პატერნალეში, სან ბიასის ქუჩაზე ცხოვრობდა. პარასკევობით მასთან ხშირად ვრჩებოდი. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ხუან ედუარდოს საწოლში მეძინა. სიტერშპილერების ოჯახის წევრი გავხდი.

როცა 1975 წელს „რივერმა“ 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა დაიბრუნა, ბურთის მიმწოდებელი ვიყავი. იმ საღამოს „ველესის“ სტადიონზე „რივერმა“ „არხენტინოსს“ ბრუნოს გოლის წყალობით მოუგო. 14 აგვისტო იყო. გაფიცვის გამო პროფესიონალი ფეხბურთელები არ თამაშობდნენ. შანსი მქონდა, სადებიუტო შეხვედრა ერთი წლით ადრე ჩამეტარებინა. ფრანსისმა „არხენტინოს ხუნიორსის“ მთავარ მწვრთნელს, ფრანსისკო კამპანას უთხრა: „ახალგაზრდების გამოყვანას თუ აპირებ, იცოდე, მარადონა არ გიღალატებს“.

კამპანამ რჩევა არ გაითვალისწინა, არჩევანი ფეო დიასზე გააკეთა. მე კი, როგორც ბურთის მომწოდებელს შეეფერება, კარის უკან დავდექი, ჟურნალისტ ხუან ალბერტო ბადიას გვერდით, რომელიც საკუთარი გაზეთისთვის რეპორტაჟს ამზადებდა.

გაგრძელება. ნაწილი 5