დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობის შეჩერება ლონდონსა და რამდენიმე ქალაქში აქციებით გააპროტესტეს
დიდ ბრიტანეთში პარლამენტის მუშაობის შეჩერება გააპროტესტეს. აქციები ლონდონსა და კიდევ 30 ქალაქში გაიმართა. მათ შორის, მანჩესტერში, იორკში, ბელფასტსა და ლიდსში.
მიტინგების მონაწილეები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ.
ბორის ჯონსონმა გასულ კვირას დედოფალს პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების თხოვნით მიმართა. ელისაბედ მეორემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ჯონსონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით პრემიერ-მინისტრი ცდილობს, დეპუტატებს ბრექსიტის საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების დრო შეუმციროს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ჯონსონის გეგმის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა 14 ოქტომბერს უნდა განაახლოს.