დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა პროკურატურის მიერ დასახელებული რაოდენობა შემცირდა და 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ფანგანი უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან.
„თქვენ ხართ იმისთვის, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ შეიძლება, პიროვნებას არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქმედება. თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – მიმართლა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივაში“, რომლის წევრიც არის ფანგანი, აცხადებენ, რომ ბრალდებული სოციალურად დაუცველია და არ აპირებენ გირაოს გადახდას.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს დაიგეგმა.
23 იანვარს, ბათუმში აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.