სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონს, ამერიკელ დეონტეი უაილდერს მიაჩნია რომ მას ტაისონ ფიურისთან ბრძოლის წინ, წყალში რაღაც ჩაუყარეს, რამაც მისი მარცხი გამოიწვია.
“როცა ბრძოლამდე 15 წუთი ადრე ვხურდებოდი, ყველაფერი შესანიშნავად იყო. სანამ რინგზე გავიდოდი, თავს ძალიან კარგად ვგრნობდი. შემდეგ მოხდა უცნაური ტრანსფორმაცია. წყალს ვსვამდი და ვცდილობდი წყლის ბალანსის შენარჩუნებას. და უცებ, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. ჩემს წყალში რაღაც ჩაყარეს. თითქოს კუნთების მოსადუნებელი დავლიე ან რაღაც მსგავსი. როცა ბრძოლას აგებ, ყოველთვის ცდილობ გაიგო – რა არ მიდის სწორად. თითქმის ყველაფერი სწორად იყო. არსებობდა შეგრძნება, რომ რაღაც ისე არ წავიდა, თანაც არა ჩემს სასარგებლოდ. საქმე ჩემს ბრძოლისწინა კოსტუმში არ იყო, არამედ ჩემს წყალში ჩაყრილ გაურკვეველ ნივთიერებაში. სულ სხვა შეგრძნებები მქონდა. თითქოს ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ სხეულს, ჩემი ფეხები კი დასუსტებული იყო”, – განაცხადა დეონტეი უაილდერმა.
შეგახსენებთ, რომ უაილდერისა და ტაისონ ფიურის მეორე ბრძოლა 2020 წლის თებერვალში გაიმართა. ბრიტანელმა ნოკაუტში გაუშვა უაილდერი და მას WBC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.