დენიელ ფრიდი - რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესაძლებლობა 50 პროცენტზე ნაკლებია, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს
დენიელ ფრიდი - რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესაძლებლობა 50 პროცენტზე ნაკლებია, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს

უკრაინის საზღვრებთან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. აშშ-ი და ევროკავშირი შეშფოთებას არ მალავენ და მოუწოდებენ მოსკოვს, უკან დახიოს შეიარაღებული ძალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები ელოდება. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით ითხოვენ გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ამ გაფართოებაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წითელ ხაზად უკრაინა დაასახელა, ხოლო სერგეი ლავროვმა ისაუბრა საქართველოზეც. რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ დასავლეთთან გარკვეული შეთანხმება აუცილებელია, რადგან მოსკოვი თავის საზღვრებთან ნატო-ს ძალების განთავსებას საფრთხედ მიიჩნევს. უკრაინის საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე გასულ კვირის განმავლობაში მსჯელობდნენ ნატო-სა და ეუთო-ში. ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მკაცრად განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ ამ ქვეყნებისა და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობაზე 2 დეკემბერს ექსპერტებმა იმსჯელეს აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი, რომელმაც ასევე ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ ამერიკელ დიპლომატთან.

ბატონო ფრიდ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და შეძლებს უკრაინა მარტო ამის თავიდან აცილებას?

– ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს. ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმ სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აქვს რუსეთის სამხედრო მობილიზაციის შესახებ. ეს შეშფოთება საკმარისი აღმოჩნდა, რათა პრეზიდენტს მოსკოვში გაეგზავნა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი. მან პირადად მოუწოდა კრემლს უკან დახევისკენ. მისი მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეშფოთება საჯაროდ გამოთქვა. უკრაინის საკითხი იყო ნომერ პირველი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და მთავრი თემა გახლდათ სახელმწიფო მდივან ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოლაპარაკებების დროს სტოკჰოლმში. შეუძლია თუ არა უკრაინას ამის თავიდან აცილება. მე ვიტყოდი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესაძლებლობა 50%-ზე ნაკლებია, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს. მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომი. ვივარაუდებდი, რომ პუტინი ცდილობს, დააშინოს უკრაინა და დასავლეთი, რათა ისინი ბრძოლის გარეშე დანებდნენ და მიიღონ მინსკის შეთანხმების პუტინისეული ინტერპრეტაცია, რომელიც ცხადია, არ არის სწორი. პუტინი მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმებამ უნდა მოახდინოს უკრაინის ფედერალიზაცია და რუსეთი მიერ კონტროლირებად სეპარატისტებს მისცეს ვეტოს უფლება უკრაინის ეროვნული პოლიტიკის საკითხებზე. ეს იგივეა, რაც პუტინი გამოვიდეს შეთავაზებით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ იმ პირობით, რომ საქართველო იქნება ფედერაცია და „სამხრეთ ოსეთს“ ექნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება. ეჭვი მეპარება, თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით და ასევე ეჭვი მეპარება, რომ მე ასეთი რეკომენდაცია მომეცა. ალბათ მიმიხვდით, რისი თქმა მინდა. მე არ მგონია, რომ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, რადგან უკრაინელები იბრძოლებენ და ეს არ იქნება 5-დღიანი ომი, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. უკრაინის არმია გაცილებით დიდი და უფრო მომზადებულია. ეს იქნებოდა სერიოზული ომი. ამან შეიძლება, გადააფიქრებინოს პუტინს უკრაინაზე თავდასხმა, თუმცა მე შეიძლება, ვცდებოდე. უკრაინა მარტო არ არის. მას აქვს აშშ-ის სოლიდარობა. ბლინკენმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი თავს თუ დაესხმება უკრაინას, რუსეთს ელოდება მძიმე ეკონომიკური სანქციები. აშშ-ი ასევე სამხედრო მხარდაჭერას აწვდის უკრაინას. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს თავდაცვაში. მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ასევე გავეცით რეკომენდაცია, რომ გააქტიურდეს დიპლომატია, მათ შორის მინსკის შეთანხმების ფარგლებში, თუმცა არა იმ პირობებით, რომელსაც პუტინი გვთავაზობს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ საქართველო. ხედავთ თუ არა განსხვავებებს ან მსგავსებას 2008 წლის აგვისტოსა და ახლა უკრაინაში არსებულ მდგომარეობას შორის?

– გარკვეული მსგავსება ნამდვილად არსებობს. პუტინს ორივე შემთხვევაში სურდა დაპირისპირება. ის იმედგაცრუებული იყო, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასთან უწევდა საქმის დაჭერა, ისევე როგორც ახლაა იმედგაცრუებული, რომ დამოუკიდებელი უკრაინის მთავრობასთან უწევს ურთიერთობა. საქართველოში რეალურად არსებობდა სერიოზული აფხაზური სეპარატისტული მოძრაობა. 1990-იანებში იყო ომიც. შემდეგ პუტინმა ეს საკუთარი მიზნებისთვის გაამწვავა. უკრაინაში დონბასის სეპარატისული მოძრაობა არ არსებობდა. პუტინმა ეს მოძრაობა თავად შექმნა. საქართველოში სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა და წამოეგო პროვოკაციას. ვიცი, რომ ეს სადავოა, მაგრამ ქართველების პროვოცირება მოახდინეს. მე ძალიან კარგად მახსოვს, რა მოხდა. „სამხრეთ ოსეთიდან“ თავს ესხმოდნენ ქართულ სოფლებს და სააკაშვილი შეეცადა, ეს დაესრულებინა, მაგრამ სამხედროების შეყვანით მან პუტინს მისცა საბაბი. მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინელები წამოეგებიან პროვოკაციას, მათ საქართველოს გაკვეთილი ისწავლეს. ვფიქრობ, ევროპელებიც უფრო მეტი შემართებით იმოქმედებენ, ვიდრე საქართველოში ომის დროს იყო, როდესაც რეალურად საქართველოს მხოლოდ აშშ-ი დაუდგა გვერდით. გერმანელებმა მაშინ უკან დაიხიეს. ვფიქრობ, ახლა, უკრაინის შემთხვევაში ასე აღარ იქნება. ასე რომ, მსგავსება არსებობს და მთავარი მსგავსება არის, რომ პუტინს სურს დაიქვემდებაროს უკრაინა და საქართველო. პუტინს სურს, ორივე ეს ქვეყანა იყოს დამყოლი, რუსეთის სურვილების შემსრულებული.

თუმცა, ჩვენ ვნახეთ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. რა დროსაც უკრაინას არ გაუსვრია, მაგრამ რუსეთი მაინც შეიჭრა ყირიმში…

– ჩემი აზრით, პუტინს სურდა ომი საქართველოსთან. და მე ასევე ვიტყოდი, ქართველები საბრძოლო ველზე დაამარცხეს, მაგრამ მათმა წინააღმდეგობამ სავარაუდოდ გადაარჩინა ქვეყანა. უკრაინაში, კერძოდ ყირიმს, პუტინი თავს დაესხა „პატარა მწვანე კაცუნებით“. ეს მოხდა უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის გაქცევიდან რამდენიმე დღეში. ახალმა მთავრობამ უბრალოდ არ იცოდა, რას აკეთებდა, მათ საკუთარ კაბინეტებამდე მისასვლელი გზაც კი არ იცოდნენ. პუტინმა დარტყმა პირველმა მიიტანა, მაგრამ დონბასში უკრაინელებმა წინააღმდეგობა გასწიეს. ახლა უკრაინის არმია გაცილებით უკეთესი ფორმაშია, ვიდრე 2014 წელს. მაშინ მათ არ შეეძლოთ რუსეთის არმიის დამარცხება, მაგრამ ისინი იბრძოლებდნენ და სავარაუდოდ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდნენ, ვიდრე ეს ქართველებმა შეძლეს 2008 წელს, რადგან ქართველებს მხოლოდ ერთი ბრიგადა ჰყავდათ. რუსებს ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ქართველი სამხედროები ძალიან მამაცები იყვნენ. მათ მტკიცედ იბრძოლეს და სავარაუდოდ გადაარჩინეს ქვეყანა, მაგრამ უკრაინელები უფრო დიდ ბრძოლას გამართავდნენ და ომი პუტინის კისერზე იქნებოდა. ეს კი, რუსეთში პოპულარული არ იქნებოდა.

შეუძლია ნატო-ს, დაძლიოს ეს ე.წ. რუსული  ვეტო, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწვერიანებაზე. რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ?

– ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რიგის მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ძალიან მტკიცედ უარყო რუსეთი ნებისმიერი ვეტო. სტოლტენბერგის განცხადება ძალიან კარგი იყო. ფაქტია, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წვერობისკენ მიმავალ გზაზე 2008 წელს გამართული ბუქარესტის სამიტის შემდეგ წინ არ წაწეულან. ეს ფაქტია. მე არ მოგაჩვენებთ თავს, რომ ეს სხვაგვარდაა, რადგან ქართველები სულელები არ არიან. თქვენ ეს ისედაც იცით, მაგრამ ისტორია აქ არ სრულდება, რადგან ჩვენ წინ მივიწევთ ჩვენს ურთიერთობებში, განსაკუთრებით უკრაინასთან. საქართველოში ახლა პოლიტიკა საუკეთესო არ არის. არსებობს გარკვეული კითხვები საქართველოს მთავრობის კურსთან, მაგრამ ეს სხვა საკითხია. შეცდომა იქნება ურთიერთობების დონის შემცირება საქართველოს, უკრაინასა და დასავლეთს შორის, ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც. გახსოვდეთ, რომ პუტინი საუბრობს გარანტიებზე, რომ საქართველო და უკრაინა არ გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ რეალურად საქმე სხვა რამეშია. მას სურს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის განადგურება და მათი გადაქცევა მოსკოვს დაქვემდებარებულ სატელიტებად. სწორედ ამაშია საქმე.