დემოკრატიული პარტიის ლიდერები დონალდ ტრამპს თეთრ სახლთან ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებენ
დემოკრატიული პარტიის ლიდერები დონალდ ტრამპს თეთრ სახლთან ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებენ

დემოკრატიული პარტიის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლთან დამონტაჟებული ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა გააკეთეს.

განცხადებაში კანონმდებლები მოუწოდებენ პრეზიდენტს, გახსნას ლაფაეტის მოედანი, სადაც მათი თქმით, „ამერიკელები იკრიბებოდნენ და თეთრი სახლის სიახლოევს პროტესტის კონსტიტუციურ უფლებას იყენებდნენ“.

დემოკრატი ლიდერები აცხადებენ, რომ „ლაფაეტის მოედანი უნდა იყოს თავისუფლებისა და ღიაობის სიმბოლო და არა ადგილი, რომლის უკანაც იმალება ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ლიდერი, რადგან მართლმსაჯულების მოთხოვნით გამართული აქციების მონაწილეების ეშინია“.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში მდებარე ლაფაეტის მოედანთან ბარიერები მას შემდეგ აღმართეს, რაც პირველ ივნისს ვაშინგტონში გამართული დემონსტრაცია არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა.

დემოკრატების მოთხოვნას თეთრ სახლში უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ ლაფაეტის მოედანზე ბარიერების მოხსნის გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის მინისტრის მისაღებია და არა პრეზიდენტის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, სწორედ უილიამ ბარმა მიიღო გადაწყვეტილება და თეთრ სახლთან უსაფრთხოების პერიმეტრი გააფართოვა.