ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი, ჩვენი ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანი დღეს, 18 ივნისს 70 წლის გახდებოდა. თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურა საქართველოში საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა.
დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს. ფეხბურთის თამაში 35-ე სკოლაში დაიწყო. 70-იან წლებში თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, თბილისის „დინამოში“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო პერიოდი, „დინამოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და დროებით ისევ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. მაგრამ მერე ისევ „დინამოში“ მიიწვიეს, პოზიცია შეუცვალეს და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სახელის მოთამაშე გახდა. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.კარიერა
მიღწევები
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში – 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე – 35 მატჩი, 16 გოლი.
სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981).
1981 წლის 18 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ ევროპის ნაკრებში ითამაშა (0:4). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981) – 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.
სამწვრთნელო კარიერა
იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ (1990, 95, 96, 97) და „ტორპედო“ (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 96, 97) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.
აღიარება
2001 წლის 17 სექტემბერს, 50 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა. 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
არის ღირსების ორდენის კავალერი. მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.
ესპანეთში გაიხსენეს
რამდენიმე წლის წინათ, ესპანელმა ჟურნალისტმა მარიანო ხესუს კამაჩომ ყიფიანი 1980 წელს, კადისის ტურნირზე „დინამოსა“ და „ფლამენგოს“ დაპირისპირებისას ბრაზლილიელი ვარსკვლავის, ზიკოს წინააღმდეგ ნახა და საკუთარ ბლოგში წლების შემდეგ „ორი დიდი ვარსკვლავის დაპირისპირება“ გაიხსენა, ქართველს კი „კავკასიელი ჯადოქარი“ უწოდა.
„კადისის ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და აქ უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათ – პელეს, კუბალას, დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, იოჰან კრუიფს, ზიკოს, ხენტოს, ადემირს.
1980 წელს 30 აგვისტოს, „ფლამენგო“ თბილისის „დინამოს“ ეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავებით დავმტკბარიყავით – მაშინ ზიკო, მარინიო, ტიტა, ჟუნიორი და კომპანია ბრწყინავდა. ჩვენ მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისის „დინამოდან“, რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ.
ვიხილეთ ფეხბურთელები, რომელიც ბრაზილიელებს კავკასიის მთებივით გადაეღობნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვეს. განსაკუთრებით რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანის თამაშმა მოგვხიბლა… „ქართულმა აღმოჩენამ“, დავით ყიფიანმა გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო.
დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა, სპექტაკლი კი ორმა 10-მა ნომერმა დადგა – ბრაზილიელმა ზიკომ და საბჭოელმა ყიფიანმა. ქართველი თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით ამიტომაც დარჩა ჩვენს გულებში. ყიფიანმა კლასით, ტექნიკით, სისწრაფით, თამაშის არაჩვეულებრივი აღქმითა და თავდამსხმელთა დახმარებით კადისელ გულშემატკივრებს თავი შორეულ 1980 წელს შეგვაყვარა…
კავკასიელი მაგი, გენიალური 10 ნომერი ევროპულ მოედნებზე შემდეგშიც ისე თამაშობდა. თბილისელებმა „სან სიროზე“ „ინტერი“ მისი გოლით დაამარცხეს. ამას გარდა, მოახერხეს „ბენფიკას“, „ლივერპულის“, „ფეიენოორდის“, „ვესტ ჰემისა“ და „ნაპოლის“ დამარცხება. წლების შემდეგ თავი ასე გაგვახსენა და ამ მოგონებებით ლეგენდებში გადაბარგდა“, – წერდა ესპანელი ჟურნალისტი.
დავით ყიფიანი
დაიბადა: 1951 წლის 18 ივნისის თბილისში
გარდაიცვალა: 2001 წლის 17 სექტემბერს (50 წლის)
სიმაღლე: 184 სმ
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1964–1966 თბილისის 35-ე სკოლა
პროფესიული კარიერა
1968 ლოკომოტივი 1 (0)
1969 დინამო თბ. 0 (0)
1970 ლოკომოტივი 28 (3)
1971–1982 დინამო თბ 246 (79)
სანაკრებო კარიერა
1974–1981 სსრ კავშირი 19 (7)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1985 დინამო თბილისი
1988 დინამო თბილისი
1990–1991 დინამო თბილისი
1992–1993 ოლიმპიაკოსი, კვიპროსი
1995–1997 დინამო თბილისი
1997 საქართველო
1998 რასინგი მეხელენი
1998 შინიკი
1999–2001 ტორპედო ქუთაისი
2000–2001 საქართველო
ტიტულები
ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976)
ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978)
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979)
პირადი ტიტული
საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1977)